0
ქალაქები და ქუჩები სიცოცხლისთვის, ანუ რა უნდა დავისახოთ პრიორიტეტად... 2020 წელი სან-ფრანცისკოს მერმა, ლონდონ ბრიდმა ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიახლით გახსნა. მისი გადაწყვეტილებით ქალაქის მთავარი ქუჩა „მარკეტ სტრიტი“, რომელსაც ის „ქალაქის ხერხემალს უწოდებს“, კერძო ავტომობილებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა. ქუჩა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტებისთვის იქნება განკუთვნილი. მერის სიტყვებით, ეს ქუჩა უსაფრთხოებისა და ეკომოგობრულობის მაგალითი გახდება. დაახლოებით იგივე გზა გაიარა ამსტერდამმაც. სამოციანი წლების ამსტერდამს საცობების და ჰაერის დაბინძურების მხრივ ევროპაში მოწინავე ადგილი უკავია. საბოლოოდ კი სამანქანო გზაზე ადგილის შემცირებითა და რეკრეაციული ზონების გაზრდით, ამსტერდამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული ქალაქი ხდება. ესპანეთის ქალაქ, პონტევედრაში აწ უკვე 19 წელია, რაც ხმაურიანი მანქანების ნაცვლად საცობს თავად ხალხი ქმნის. იმის გამო, რომ ქალაქში მანქანები არ მოძრაობენ, ბოლო წლებში ჰაერის დაბინძურების დონე 61%-ით შემცირდა. ამასთანავე, 2009 წლის შემდეგ პონტევედრაში საგზაო შემთხვევების არცერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. სამწუხაროდ, საქართველოს ქალაქებთან მიმართებაში მსგავსი პრეცენდენტი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, თავად ჩვენს დედაქალაქ - თბილისში მოგვეპოვება ორი ქუჩა, სადაც მანქანის ნატამალსაც ვერ შეამჩნევთ. საუბარია შარდენსა და ახალი აღმაშენებლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგივე ადგილებზე კაფე-ბარები, ღამის კლუბები და გალერიებია განლაგებული. ეწყობა გამოფენები, დღესასწაულები, კონცერტები. მეორე მხრივ, ეს ორი პატარა მონაკვეთი ნამდვილად ვერ გამოდგება იმის საფუძვლიან დადასტურებად, რომ თბილისი ეკოლოგიურად სუფთა ქალაქია. ამის ნათელი გამოვლინებაა ჰაერის დაბინძურების ინდექსი, რომელიც შუადღის პერიოდში, თბილისის უბნების უმეტეს ნაწილში კრიტიკულ, 2.5 PM-ს აღწევს. და მაინც, თბილისს აქვს იმის პოტენციალი, რომ ეკოლოგიურად სუფთა ევროპულ ქალაქებში მოიაზრებოდეს. იგივე დროს, ძალზედ სამწუხაროა, რომ აქ ხალხი ყოველდღიურად იაფფასიანი ბენზინის გადამუშავებულ ვერსიას სუნთქავს.
#თბილისი
#სანფრანცისკო
#ამსტედამი
#პონტევედრა
#ჰაერისდაბინძურება
#სიცოცხლითსავსექალაქი
#opinion
0