ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა ავლაბარში, რომელზეც ბევრმა არ იცის…მიწაში გაყვანილი გვირაბები და სტამბა, რომელშიც წლების განმავლობაში გაზეთებს, ბროშურებსა და პროკლამაციებს საიდუმლოდ ბეჭდავდნენ.
სტამბის დაარსების იდეა მაშინდელი რუსეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრ მიხო ბოჭორიძეს ეკუთვნის. სწორედ მან და მისმა თანამოაზრეებმა საკუთარი რესურსებით მოახერხეს და 1904 წელს შეისყიდეს ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც უკვე შემდგომ სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ერთსართულიანი კერძო სახლი ააშენეს. ამის შემდეგ დაიწყო სახლის შიგნით გვირაბების გათხრა, რასაც თავისი მიზეზ(ებ)ი ჰქონდა. საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, თუ როგორ ბლოკავდა მეფის რუსეთი ოპოზიციურ აზრს. შესაბამისად, სოციალისტური ხედვის გასავრცელებლად განსხვავებული ხერხის მოძებნა გახდა საჭირო.
ზედმეტი ეჭვების გასაფანტად სახლს საკუთარი დიასახლისი ჰყავდა: ბაბე ლაშაძე-ბოჭორიძე, მიხო ბოჭორიძის ბიცოლა. ის ახალ სახლში თავიდანვე შინაურულად მოეწყო: დარგო ხეები, გაიჩინა ქათმები და შექმნა ის ოჯახური იდილია, რაც იმ დროს ნებისმიერ სხვა ოჯახში სუფევდა.
იგივე სახლში იმალებოდა გადასახლებიდან გამოქცეული სოსო(იოსებ) ჯუღაშვილი, შემდგომში ცნობილი, როგორც სტალინი. ახალგაზრდა იოსები წლების განმავლობაში აქვეყნებდა კომუნისტურ პროკლამაციებს და საერთოდაც, ცნობილია, რომ გავლენა სოციალისტურ-კომუნისტურ პარტიაზე პირველად სწორედ ამ სტამბაში მუშაობის დროს მოიპოვა.
სტამბის მუშაობის შესახებ მეფის რუსეთმა 1906 წლის 15 აპრილს გაიგო, რის შემდეგაც ჟანდარმის წარმომადგენლებმა მთელი ტერიტორია გადაწვეს, მომუშავე პერსონალი კი დაიჭირეს. შენობის დეტალური აღდგენა 1937 წელს სტალინის, როგორც უკვე სსრკ-ს ბელადის მეთაურობით მოხდა.
დღეს ეს ისტორიული შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა, ინტერესის შემთხვევაში მისი საკუთარი თვალით ნახვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შესაძლებელი.
მისამართი: თბილისი, კასპის ქუჩა N7.
#თბილისი
#სტამბა
#არალეგალურისტამბა
#მუზეუმი
#იოსებ
#ჯუღაშვილი
#სტალინი
#სსრკ
#tbilisi
#tbilisidaily
#goodplaces