0
ტრამვაი ანუ მომავლის სატრანსპორტო სისტემა. თბილისში ტრამვაი, როგორც სატრანსპორტო საშუალება ჯერ კიდევ 1883 წლიდან იღებს სათავეს. მისი მამოძრავებელი ძალა თავდაპირველად ცხენი, ხოლო 1904 წლიდან კი ელექტრონული სისტემაა. როგორც ცნობილია, თბილისში ტრამვაის შემოყვანის იდეა ქალაქის ბელგიური მოსახლეობის ნაწილს ეკუთვნის. მოგვიანებით იწყება მეტროპოლიტენის მშენებლობაც, თუმცა, ტრამვაი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად რჩება. ერთ დროს ტრამვაი მთელ თბილისს ემსახურებოდა. 1980-იანი წლებიდან გარკვეული მიზეზებით იწყება მისი ქსელის ხელოვნური შეკვეცა.უკვე შემდეგ, 1990-იანი წლების არეულობისა და უშუქობის გამო, ელექტროენერგიის მოლოდინში ტრამვაის ცარიელი ვაგონები ქუჩაში საათობით უფუნქციოდ დგას და ყოველდღიურად იძარცვება. სამწუხაროდ, მისი 102 წლიანი ისტორია 2006 წლის 4 დეკემბერს დასრულდა. როგორც ცნობილია, რელსები ძვირადღირებულ „ჯართად“ შეაფასეს და საზღვარგარეთ გაყიდეს. ვაგონების ნაწილმა რელსების ბედი გაიზიარა, ნაწილმა კი ქუჩის კაფეების ფუნქცია შეითვისა. რატომ არის მნიშვნელოვანი, თბილისში, ტრამვაის სისტემის აღდგენა და მისი 102 წლიანი ისტორიის გაგრძელება? ტრამვაი ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ავტობუსებთან შედარებით ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებაა. ასევე, მაღალია მისი მგზავრგამტარიანობაც. შედარებისთვის, მეტროს საათში 40-50 ათასამდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ტრამვაის 20-25-ის, ავტობუსს კი 15 ათასამდე მგზავრის. გარდა ამისა, ტრამვაის ექსპლუატაციის ვადა 30 წლით განისაზღვრება, ავტობუსის კი 10-12-ით. ტრამვაის სატრანსპორტო სისტემის აღდგენა მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების დონეს. ბოლო მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურება 300%-ითაა გაზრდილი, რაც არაერთ დაავადებასა და სიკვდილიანობას იწვევს. 2011 წელს, ფრანგული საინჟინრო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა დერეფანი, სადაც საჭირო იყო ჩქაროსნული ტრანსპორტის სისტემის შექმნა. ერთ-ერთი ხაზი უნივერსიტეტის “მაღლივი” კორპუსიდან ორთაჭალის ავტოსადგურამდე იყო გადაჭიმული. ეს ინიციატივა საბოლოოდ განმუხტავდა ვაკის რაიონის საავტომობილო ხაზს. სამწუხაროდ, აღნიშნული ინიციატივა როგორც მაშინდელი, ასევე ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, საკითხთა განსახილველ სიაშიც კი არ არის მოხვედრილი. ამ კუთხით უფრო რთული სიტუაციაა, დიდი დიღმის მიმართულებით, სადაც საცობთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლეობის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. დღეს ტრამვაის ალტერნატიულ საშუალებად ჩქაროსნული ავტობუსების სისტემა განიხილება. ტრამვაის უპირატესობები ავტობუსების არსებულ სისტემასთან მიმართებაში: მაღალი მგზავრგამტარიანობა, ეკონომიურობა, უსაფრთხოება, გზის ფართის გამოყენების 8-ჯერ მეტი ეფექტურობა, განცალკევებული ზოლის მეშვეობით საცობების გვერდის ავლის შესაძლებლობა, ეკოლოგიურობა, მოკლე ინტერვალები გაჩერებებს შორის, ვაგონების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა დაუბრუნონ თუ არა ტრამვაის ხაზი თბილისს?
#თბილისი
#tbilisi
#ტრამვაი
#ისტორია
#ავტობუსი
#tbilisidaily
#opinion
0