189 Views
Headline
Tbilisi · 7 months ago

მიმდინარე წლის სექტემბრამდე თაფლის მწარმოებელი კომპანია „გეონატურალი“ გერმანიაში 20 ტონამდე თაფლის ექსპორტს გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი იაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რაჭაში წარმოებული თაფლი გერმანიის ბაზარზე პირველად გასულ წელს გაიტანა და ამჟამად სხვა ქვეყნებთანაც აქვს მოლაპარაკებები.

„ 2019 წელს ორჯერ, ჯამში 4 ტონამდე თაფლი გავიტანეთ გერმანიაში. შეთანხმება უკვე მიღწეულია და სექტემბრამდე დამატებით 15 ტონა თაფლი გავა გერმანიაში. ჩვენი გეგმები საკმაოდ დიდია, თუმცა თავიდან მცირე მოცულობით დავიწყეთ, რომ განგვესაზღვრა როგორი ტიპის მოთხოვნა იყო და როგორ მიიღებდა ბაზარი.

ამჟამად ორი სახეობის პრემიუმ კლასის თაფლი გაგვაქვს: წაბლის და პოლიფლორული, შემდეგ უკვე დავამატებთ აკაციის თაფლს და ასევე საუბარია ფიჭას გატანაზე“,-აცხადებს გიორგი იაშვილი. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მაღალი ხარისხის თაფლზე და 1 კილოგრამი ქართული თაფლის ღირებულება 20 ევროს აღწევს. ქართული თაფლის გერმანიაში მოხვედრა კი ერთ-ერთ გამოფენაზე დაინტერესებას მოჰყვა და ახლა სხვა ქვეყნებთანაცაა მოლაპარაკებები.

„ პროდუქცია გამოფენაზე ნახეს და ხარისხობრივად მოეწონათ. საფრანგეთში ერთ-ერთ სასტუმროების ქსელთან მოლაპარაკებებია ფასზე და შეფუთვის ტიპზე , სავარაუდოდ, 15 ტონამდე გავიტანთ, ასევე საუბარია 5 ტონამდე თაფლის ბრიტანეთში გატანაზე, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ჰოლანდიაში, თუმცა ამ ეტაპზე უნდა განვსაზღვროთ, რამდენად შევძლებთ იმ მოცულობის წარმოებას , რაც მათ სურთ“,-აცხადებს იაშვილი.

რაც შეეხება გამოწვევებს, რაც გარკვეულწილად აფერხებს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტს, იაშვილი აცხადებს, რომ რთულია დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი თაფლის პარტიის მომზადება საექსპორტოდ, რადგან სხვა ფერმერებისგან მცირე მოცულობის თაფლის ჩაბარებისას ლაბორატორიული შემოწმება დაბინძურებაზე დიდ დანახარჯებს უკავშირდება.

ავტორი: მარიამ ტიტვინიძე

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.

#business #news
Headline
Tbilisi · 7 months ago
15
Write a comment