0
რატომ არ ვიყენებთ სტრატეგიულ შესაძლებლობებს?! პოსტსაბჭოთა პერიოდი, გაჭირვება, შიმშილი, უშუქობა… საქართველოს მოსახლეობას მეოცე საუკუნის 90იანი წლებიდან მოყოლებული ბევრი რამის გამოვლა მოუწია. წლების გასვლასთან ერთად კიდევ უფრო საკვირველი ხდება, როგორ ახერხებდა საბჭოთა ხელისუფლება მასში შემავალი 15 ქვეყნის ეკონომიკის სწორად და გააზრებულად მართვას. აგრეთვე, არსებობს მოსაზრება რომ საერთოდაც ვერ ახერხებდა და სწორედ ეს გახდა მისი დაშლის მიზეზი. ფაქტი კი ერთია, სსრკ გაერთინების დაშლის შემდეგ “ახალშობილ” ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დარჩა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შესაბამისად ვერ აითვისა. ყველაფერს თავის მიზეზი აქვს, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტურიც… თბილისში მიტოვებულ და გაუქმებულ ფაბრიკა-ქარხნებს დედაქალაქის ფართობის თითქმის 20% უკავია. საბჭოთა იმპერიის დანგრევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებულმა საწარმოებმა ე.წ. „ბარუნფილდებმა“ ფუნქციონირება მალევე შეწყვიტეს. ეს საწარმოები, პროდუქციას საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს აწვდიდნენ. თან ისეთი მოცულობით, საქართველოს დღევანდელ საჭიროებებს მნიშვნელოვნად რომ აღემატება. დღეს, ცარიელი, მრავალი ჰექტარი მიწით გარშემორტყმული შენობები მიტოვებულ და გამოუსადეგარ აქტივებად არის დარჩენილი. 90-იანი წლების შემდეგ ტერიტორიების ნაწილი კერძო საკუთრებაში გადავიდა. ნაწილი კი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით საბჭოთა კავშირის დაშლის დროს საქართველოში მრეწველობისა და წარმოების 106 დარგია წარმოდგენილი. იგივე მიზეზის გამო, თავისუფლად შესაძლებელი იყო არსებული საწარმოების ნაწილი ჩვენს ქვეყანას კიდევ რამდენიმე ათწლეული წელი მომსახურებოდა. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველო და მისი მრეწველობა ყველაზე მეტად დაზარალდა. იგივე პერიოდში თუ დსთ-ს ქვეყნებს ეკონომიკის 40%-იანი ვარდნა აქვთ, ჩვენთან ეს რიცხვი 75%-მდე მერყეობს. 1994 წლის ეკონომიკა 1988 წლის ეკონომიკის 16-17% შეადგენს, ქვეყანა კი ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაში მარცხდება. ევროინტეგრაციის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ნაწილობრივ შეძლეს ინდუსტრიული პოტენციალის აღდგენა, ფუნქციადაკარგული შენობების რევიტალიზაცია და ახალი სიცოცხლის მინიჭება. თბილისში, რევიტალიზაციის ერთი-ორი მაგალითი არსებობს. იგივე დროს კი დედაქალაქი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს გაუქმებული საწარმოების ათვისება და ქალაქის პოლიცენტრიული გაშლა-განვითარება.
#თბილისი
#საქართველო
#საბჭოთა
#კავშირი
#სსრკ
#მემკვიდრეობა
#tbilisidaily
#opinion
0