0
შეუმჩნეველი სილამაზე - რა ისტორიებს მალავს ძველი თბილისის სახლები. ორშაბათი - ყოველდღიური რუტინის დასაწყისი. დღე სამსახურით, სკოლით, უნივერსიტეტით ან უბრალოდ საოჯახო საქმეებით იწყება და მთელი სამუშაო დღეები ასე გრძელდება. დილის გადარბენები: საუზმე, ყავა , ჩაი, სკოლაში არ დავაგვიანო, ლექცია არ გამიცდეს, საცობი, 5 წუთში სამსახურში უნდა ვიყო და ამ დროს მანქანის სიგნალის გაბმული ხმა, ან უბრალოდ დღეს რა ვაკეთო? მოდი ისევ დავიძინებ. საღამოც იგივე… მუდმივი, ყოველდღიური რუტინა. მაგრამ, დღეს ისეთ სოციუმში ვცხოვრობთ დასვენებისა და სამუშაო დღეები ერთმანეთში არეული გვაქვს. ზოგისთვის შაბათ-კვირაა, ორშაბათია და ა.შ… ამ დროს თბილისზე მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემები წერენ. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ლამაზი, მიმზიდველი და საოცნებო ქალაქია. განსაკუთრებით, ძველი თბილისის ქუჩები მოსწონთ, რომლებიც ათას უცნობ თუ ნაცნობ ისტორიას ინახავს. სახლებს, ჯერ კიდევ ასდით სიძველის ოხშივარი. ჩვენი პერმანენტული ცხოვრების გამო, ვერც კი ვამჩნევთ და აღვიქვამთ იმ სილამაზეს, რომელსაც ჩვენი ქალაქი ატარებს. მხოლოდ წინ ვიყურებით და მანქანებით გადატენილ ქუჩებს ვამჩნევთ. იქნებ ერთხელ გვერდითაც გავიხედოთ, გავაფართოვოთ ხედვის არეალი და ჰორიზონტს გავცდეთ. მინდა რამდენიმე ისტორია მოგიყვეთ. გაგანდოთ ამბები, რომლებსაც ძველი თბილისის ულამაზესი სახლები ინახავს. შესაძლოა ამის შესახებ ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს. ვცდი, თქვენი გონების გიდი გავხდე და ჩემთან ერთად, ამ ულამაზეს სახლებში ვამოგზაურო. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, გ.ტაბიძის
#18
-ში მდებარე სახლი, რომელიც არამარტო სილამაზით, არამედ მისი ისტორიითაც გამოირჩევა. სახლი მე-20 საუკუნით თარიღდება. მესაკუთრეები კი სომეხი ბიზნესმენები, ძმები სეილანოვები იყვნენ. ისინი, ცნობილი არა მარტო მათი ბიზნეს საქმიანობით, არამედ ამ უნიკალური საცხოვრებელი სახლითაც გახლდათ. შიგნითა ფასადი, იმ დროს კარგად ცნობილ იტალიელ მხატვარს, ბენო ტელინგატერს მოუხატავს, რაც მაშინდელ თბილისში დიდი მოვლენა იყო. სადარბაზოს შესასვლელშივე შეხვდებით ზეთით მოხატულ მცირე ზომის პეიზაჟებს. თვალებს თუ ზემოთ მივაპყრობთ დავინახავთ მოდერნის სტილში მოხატულ ჭერს. ფასადი ბაროკოლურ ეკლექტიზმის ნიმუშს წარმოადგენს. შემდეგი გაჩერება კიბის მალები და ზედა სართულებია, რომლებზეც რევოლუციამდელი, დეკორატიული შპალერია გაკრული. სახლს, თავისი თბილისური ეზოთი, შუშაბანდებითა და დეკორაციებით, ძველი იერი იმდენად შენარჩუნებული აქვს, რომ თავი მართლაც მე-20 საკუნეში გეგონებათ. მიხვდებით, რომ დროში მოგზაურობა, ეს მხოლოდ ფენტეზის ნაწილი არაა. ძველი თბილისის ისტორიის ნაწილია მაჩაბლის
#17
მდებარე სახლიც, რომელიც მიხეილ კალანტაროვს ეკუთვნოდა, პროექტის ავტორი კი არქიტექტორი, ღაზარ სარქისიანი გახლავთ. სახლს 2 მოხატული სადარბაზო აქვს. მთავარი შესასვლელი მავრულ სტილშია გაფორმებული, სტალაქტიტებით, შეისრული თაღებითა და ფერად ორნამენტებითაა მორთული. ინტერიერის დიზაინერს კიბის უჯრედებიც მსგავსად გაუფორმებია. გადავინაცვლოთ მეორე სართულზე, რომლის თაღიც მარმარილოთი მოუპირკეთებიათ. სამწუხაროდ, ზედა სართულის შუქფრანის ფერადი ვიტრაჟები დაკარგულია. ადრე, სადარბაზო მოჭიქულფილებიანი ღუმელით თბებოდა. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ ვისთვის აშენდა ან რეალურად ვინ ცხოვრობდა ამ სახლში? ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მიხეილ კალანტაროვს სახლი, თავისი მეუღლის საპატივსაცემოდ აუშენებია. მას ძალაინ ჰყვარებია ოპერა, ამიტომ ეცადნენ სახლიც ოპერის შენობისთვის დაემსგავსებინათ. თურმე, აქ საღამოები და მეჯლისები იმართებოდა. ასევე, ამბობენ, რომ აქ, კალანტაროვებთან ერთად ცხოვრობდა, ცნობილი მხატვარი ნიკო ფიროსმანი. ამ სახლის ისტორია, ამით არ სრულდება. ის ბევრ, სხვა საიდუმლოებასაც ინახავს. თავის დროზე ამ სახლში ცხოვრობდა ლავრენტი ბერიაც. გადმოცემის თანახმად, მას სარდაფში ცნობილი ინტელიგენტები ჰყავდა დატუსაღებული. ისტორიები, ძველი თბილისის სახლებზე, რომლებიც ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ამით არ სრულდება. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ მოგზაურობა თქვენსავე ქალაქში და აღმოაჩინოთ ძველი ქალაქის სხვა, თქვენთვის უცნობი საიდუმლოებები.
#თბილისი
#tbilisi
#ძველითბილისი
#სახლები
#ისტორია
#სახლი
#tbilisidaily
#goodplaces
0