0
Unicef-ის კვლევა - ბავშვების 44%-ს საქართველოში საბავშვო სამი წიგნიც კი არ აქვს. Unicef-მა საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომელშიც 14 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა 2018-2019 წლებშია ჩატარებული და მოიცავს 8 წლამდე ასაკის პერიოდის ბავშვებს. მასში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ბავშვების 44%-ს 3 საბავშვო წიგნზე მეტი არ აქვს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადრეულ ბავშვობაში ოპტიმალური განვითარებისათვის საჭიროა მასტიმულირებელი და მზრუნველი გარემო, წიგნებზე და სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობა, ურთიერთობა გულისხმიერ და ყურადღებიან ადამიანებთან, ადეკვატური კვება, ხარისხიანი, ადრეული ასაკის შესაბამისი განათლება და უსაფრთხო გარემო. თუმცა, არასათანადო მოვლის, სწავლის შესაძლებლობების ნაკლებობისა და უთანასწორობის გამო ბავშვთა დიდმა ნაწილმა, შესაძლოა, ვერ მიაღწიოს საკუთარი განვითარების უმაღლეს მაჩვენებელს. სამწუხაროდ, ხშირად დაბალი სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვები არახელსაყრელ პირობებში ვარდებიან და დისტანცირდებიან იმ საჭირო ინსტრუმენტებისგან, რომლებიც აუცილებელია ბავშვთა პოტენციალის სტიმულირებისა და სრულფასოვანი ათვისებისათვის. არსებულ უთანასწორობას კარგად ასახავს კვლევა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ: 1) ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი; 2) 5 წლამდე ასაკის ბავშვების 64% თამაშობს მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით, 94% საოჯახო ნივთებით, მათ შორის სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით, ხოლო ბავშვების შედარებით მცირე პროცენტული წილი კი - თვითნაკეთი სათამაშოებით (12%); 3) საბავშვო ბაღებში სწავლა დაკავშირებულია დასახლების ტიპთან, ასაკთან და კეთილდღეობასთან. იმ ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლობენ, ქალაქის ტიპის დასახლებებში 16 პროცენტული პუნქტით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებთან შედარებით. პირდაპირი კავშირია საბავშვო ბაღში სწავლასა და სიღარიბეს შორის, უმდიდრეს ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა პროცენტული წილი, რომლებიც დადიან საბავშვო ბაღში, 26 პროცენტული პუნქტით აღემატება უღარიბესი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამგვარად, ადრეულ ასაკში კითხვა, წიგნებზე ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი განათლება გადამწყვეტი ფაქტორია ბავშვის შემეცნებითი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისთვის, ბავშვობის ადრეულ წლებში ინვესტიციის ჩადება კი ეფექტური ნაბიჯია უთანასწორობის შემცირების აღმოფხვრისკენ მიმავალ გზაზე.
#თბილისი
#საქართველო
#იუნისეფი
#კვლევა
#ბავშვები
#tbilisidaily
#news
0