0
ბავშვთა სოფელი - პატარა სამყარო დიდ ქალაქში. გიორგი, 15 წლის - თუთიყუში; ემზარი, 14 წლის - ზამთრის თბილი ბოტასები, 41 ზომა; მახარე, 17 წლის - ტერენტი გრანელის ლექსების კრებული; ქეთი, 9 წლის -სათამაშო ჭურჭელი; ირაკლი, 14 წლის - ფანდური; ნათია, 15 წლის - კულონი უსასრულობის ნიშნით… ეს ბავშვებისა და მათი სურვილების არასრული ჩამონათვალია. ბავშვებისა, რომელთა ნატვრებსაც მშობლები ვეღარ აახდენენ. სურვილებისა, რომლებსაც არ ჰყავთ კონკრეტული ადრესატი. ადრესატი მთელი საზოგადოებაა - საზოგადოება გულისხმიერების, თანადგომისა და სიყვარულის გრძნობით. საზოგადოება, რომლისთვისაც არ არსებობს ცნება „სხვისი შვილები“. ზემოთ ნახსენებ ბავშვებს, რომელთა სიაც არასრულადაა ჩამოთვლილი, არ აქვთ ფუფუნება იცხოვრონ ბიოლოგიურ ოჯახებში. თუმცა, სპეციალურად მათთვის შეიქმნა ერთი დიდი ოჯახი, სადაც ატმოსფერო მშვიდი, მყუდრო და ახლობელია. ამ ადგილს , , საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი”ჰქვია. საერთაშორისო ორგანიზაცია „SOS ბავშვთა სოფელი“ მსოფლიოს 132 ქვეყანაში ფუნქციონირებს. საქართველო მას 1989 წლიდან შეუერთდა. “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა. ორგანიზაციის ფარგლებში ფუნქციონირებს რამდენიმე პროგრამა, მათ შორის “ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვა”, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებასა და მათ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში გაზრდას მოიაზრებს. თბილისში მცირე საოჯახო ტიპის სახლები ნუცუბიძის პლატოზე მდებარეობს. ეს პატარა , , სოფელი”, ვიზუალიდან გამომდინარე, გამვლელების ყურადღებას მუდმივად იპყრობს. შორიდანვე მოჩანს იდენტური არქიტექტურის მქონე სახლები, რომლებიც ფერდობზე წრიულად განლაგებულ წითელ კუბიკებს მოგაგონებთ. თანდათან უახლოვდები ბავშვთა სოფელს და ეზოში შესვლისთანავე გრძნობ, რომ უკან მოიტოვე ხმაურიანი ქალაქი თავისი გიჟური ტემპით, აჩქარებული ცხოვრებით, ქაოსითა და დაღლილობით. აქედანვე ცხადად იკვეთება კონტრასტები: ზურგს აქცევ ურბანული ქალაქის კონსტრუქციებს, უსახურ და ნაცრისფერ კორპუსებს. შენს თვალწინ კი იშლება დიდი ეზო და მასში მიმოფანტული ლამაზი წითელი სახლები. თბილისის , , ბავშვთა სოფელში” სულ 11 მცირე საოჯახო ტიპის სახლია. თითოეულ სახლში დაახლოებით 5 ან 6 ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებზე უშუალოდ ზრუნავს სპეციალურად შერჩეული აღმზრდელი – ე.წ. დედობილი (დედობილს დახმარებას უწევს , , დეიდა”). ორგანიზაციამ ეს სიახლე დანერგა იმისათვის, რათა ბავშვები კიდევ უფრო თბილ და ოჯახურ გარემოში გაიზარდნონ. საცხოვრებელს საინტერესო და გამართული ინფრასტრუქტურა აქვს: კოტეჯების მეორე სართულზე ძირითადად საძინებლები, პირველ სართულზე კი სასტუმრო ოთახი და სამზარეულოა განთავსებული. სახლებს პატარა და კოხტა აივნებიც ამშვენებს. პროგრამა გულისხმობს არამხოლოდ ბავშვთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, არამედ მათ ჩართვას კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში. აქ დიდი ყურადღება ექცევა ბავშვების გონებრივი განვითარების სტიმულირებას. ინტერესებიდან გამომდინარე, აღსაზრდელები დადიან სხვადასხვა წრეზე: ცეკვაზე, მუსიკაზე, ხატვაზე, სპორტზე და ა.შ უზრუნველყოფილია რეპეტიტორული მომსახურებაც. სპეციალურად მათთვის შექმნილ გარემოში ბავშვები თავადაც ქმნიან საკუთარ ინდივიდუალურ სამყაროს - ფერადს, გამორჩეულსა და კრეატიულს. ისინი საცხოვრებლებსა და ეზოს საკუთარ გონებაში მიმოფანტული იდეებით ამდიდრებენ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოგზაურობ ბავშვების ღრმა ფანტაზიაში და თავი საოცრებათა ქვეყანაში გგონია. ათვარიელებ მათ ნახატებს, მორთულ კედლებს, ხელნაკეთ ნავებს, ვერტმფრენებს, აქსესუარებს, დეკორატიულ ნივთებს და ხვდები, რომ ამ ყველაფრის უკან იმალება ბავშვების ფიქრები, წარმოსახვები, ემოციები და სამყაროს შეცნობის გზები. სწორედ ეს ნივთები გიყვებიან ისტორიებს მათ შესახებ. აქ ყოველი კუთხიდან ბავშვების ოცნებები გიყურებენ. ოცნებები, რომელთა სიტყვებით გადმოცემასაც ხშირად ერიდებიან, თუმცა მათ საკუთარი ქმნილებებით ასხამენ ფრთებს. , , საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” დევიზია: , , სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს”, თუმცა ორგანიზაციის მასშტაბები არც თუ ისე დიდია. მას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ყველა მზრუნველობამოკლებულ ბავშს აჩუქოს თბილი ოჯახური გარემო. თუმცაღა, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ , , ბავშვთა სოფელი”- ესაა პატარა, კეთილი სამყარო დიდ და ხმაურიან ქალაქში.
#თბილისი
#საქართველო
#SOSბავშვთასოფელი
#ბავშვთა
#სოფელი
#ბავშვები
#tbilisidaily
#goodplaces
#opinion
0