8 votes
comments
1 shares
Save
1292 reads
Headline
Tbilisi · 5 months ago

„ასე ნაჩქარევი აკრძალვით, ახლა ბაზარი ისევ აირევა, იქნება ამღვრეული წყალი და შემდეგ, სად დაილექება და საით გავიკვალავთ გზას, ამას მხოლოდ დრო აჩვენებს“ - ასე ეხმაურება „მომავლის ფერმერის“ აგროკონსულტანტი რუსუდან გიგაშვილი ახალ წესს, რომელიც ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს არეგულირებს.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასის 200 კგ-მდე გაზრდა ფერმერებს დააზარალებს.

ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა 140 კგ-დან 200 კგ-მდე გაიზარდა. დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.

მთავრობის პოზიციაა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

რეგალიზაციას გრძელვადიან პერსპექტივაში, დარგის განვითრებისთვის საჭიროდ, თუმცა ნაჩქარევად მიიჩნევენ სპეციალისტები.

„მომავლის ფერმის“ აგროკონსულტანტი რუსუდან გიგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც აღნიშნული დადგენილების ამოქმედების შემდეგ ფერმერებს წარმოექმნებათ. „ზოგადად, დარგის გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარებისთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ამისთვის ფერმერები არ იყვნენ მზად. ჩვენ კარგად გვახსოვს, წლების წინ, პირუტყვი გადიოდა არაბულ ქვეყნებში, ყველაზე აქტიურად კი აზერბაიჯანში. მაშინ ფერმერებმა ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადეს საკუთარ ბიზნესში, სესხები აიღეს და ა.შ. მაგრამ შემდეგ, აზერბაიჯანმა ნახა ალტერნატიული, იაფი ბაზარი და ჩვენ უცბად შეგვიწყდა საექსპორტო წყარო. ამ დროს, კატასტროფულ ვითარებაში ჩავარდნენ ფერმერები, გაკოტრდნენ, სახლები გაყიდეს და ა.შ. ანუ, ძალიან რთული გზა გაიარეს. რაც მთავარია, მაშინ სახელმწიფოს ჰქონდა პოზიცია, რომ ეს არის თავისუფალი საბაზრო პირობები, ჩვენ ამაში არ ვერევით. მათ არ ჰქონდათ არანაირი ალტერნატიული ბაზრების შესახებ განაცხადი, არც არანაირ ძიებაში არ იყვნენ. ფაქტობრივად, ფერმერები დარჩნენ ბაზრების გარეშე და არც ის იცოდნენ, რა გაეკეთებინათ.

ამას დაჭირდა გარკვეული პერიოდი, რომ ისევ თავად ფერმერებს გაეკვალათ გზა და ახალი ნიშა აეთვისებინათ. კერძოდ, გაესუქებინათ პირუტყვი და ისე გაეყვანათ, რადგან კონკურენცია დიდია. შესაბამისად, ახლა უკვე ბანკიდან თანხების გამოტანა ამ მიმართულებით განვითარებისთვის დაიწყეს. თუმცა, როდესაც ეგონათ, რომ თავი ქუდში ჰქონდათ, უცებ სახელმწფო ეუბნება, რომ აქაც რეგულაციებს დაგიწესებ. ძალიან რთულია ფერმერების გადმოსახედიდან ამ ყველაფრის სწორად აღქმა. ჯერ ისედაც გაჭირვებულ დღეში იყვნენ, არავინ დაეხმარა, მერე გზა გაიკვალეს და ახლა ისევ ზღუდავენ.

ამით იმის თქმა მინდა, რომ არ ვართ თანმიმდევრულები და არ ვაფასებთ სწორად, როდის რა უნდა გაკეთდეს. ამას სჭირდებოდა გარდამავალი პერიოდი, უარყოფით შედეგების შეფასება და ა.შ.“,-აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

მისი თქმით, თუ როგორ მოხდება ამის შემდეგ ბაზრის დარეგულირება და ფასებზე აისახება თუ არა, ამას დრო აჩვენებს.

„ის რომ, 200 კილომდე საქონელს სჭირდება თვისობრივი გაუმჯობესება და ზოგადად, გასუქებული პირუტვის გაყვანით მეტ შემოსავლს მივიღებთ, როგორც სახელმწიფო, კი ბატონო. მაგრამ ასე ნაჩქარევი აკრძალვით, ახლა ბაზარი ისევ აირევა, იქნება ამღვრეული წყალი და შემდეგ, სად დაილექება და საით გავიკვალავთ გზას, ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.

ეს არამგონია, რომ ფასებზე აისახოს. ამასაც დრო გამოაჩენს. გააჩნია, როგორი იქნება ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა. ალბათ, ამ მიმართულებითაც რყევები გვექნება“,-აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

ცნობისთვის, 2019 წელს საქარველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საექსპორტო რაოდენობა 95 606 სულს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს - 126 858-ს. რაც შეეხება ძირითად საექსპორტო ქვეყნებს, ესენი იყო: ერაყი, აზერბაიჯანი და ირანი.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.

#news #business
Headline
Tbilisi · 5 months ago
8
Write a comment
1