მზის, ვარდებისა და სიყვარულის ქალაქი.
თბილისის არც ერთ აივანზე არ ამძვრალა რომეო ჯულიეტასთვის სიყვარულის ასახსნელად, მტკვრის არც ერთ ნაპირს არ მოსდგომია იზოლდას ნავი ტრისტანის გადასარჩენად, არც ტროას ბრძოლა გამართულა პარიზისა და მშვენიერი ელენას გამო და არც რომელიმე ფანჯრიდან გამომკრთალა ოდისევსის მოლოდინით დამწუხრებული პენელოპეს სახე. ეს ყველაფერი იყო შორს, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქეთ...
აქ კი იბადებოდა ლეგენდა მილიონ ვარდზე, ნიკალასა და მარგარიტაზე; ლეგენდა თბილისური სიყვარულის უმშვენიერეს ოდაზე. ზუსტად არავინ იცის გაყიდა თუ არა ფიროსმანმა დუქანი, დაცალა თუ არა ქალაქის საყვავილეები და ვარდებით დატვირთა თუ არა აქტრისასკენ მიმავალი ურმები, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ამ ამბავმა მეოცე საუკუნის თბილისს სიყვარულის მანიფესტი მოუმზადა და მთელი ქალაქი გამოუფხიზლებელ სასიყვარულო თრობაში გახვია. მას შემდგომ თბილისის ყველა მკვიდრი ნიკოს გრძნობის სამართალმემკვიდრედ იქცა. აქ ყველა ფიროსმანის ქუჩაზე დასახლდა და ყოველ დილით ხვდებოდა ნიკალას.
ქალაქში იბადებოდა მათი მშვენიერი სიყვარულის ისტორიებიც. მეოცე საუკუნემ სახელოვნებო წრეებში შვა არაერთი გამორჩეული სახე. ბევრი მათგანი გარდა საკუთარი შემოქმედებისა, ადამიანებს სამუდამოდ ულამაზესი სისიყვარულო ამბებითაც დაამახსოვრდათ.
ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია - კინოში ახლადმოსულმა რეჟისორმა ნიკოლოზ შენგელაიამ ნატოს ვაჩნაძეს როლი შესთავაზა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. გადაღებისას მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ, თუმცა ნატო ვაჩნაძეს ამ დროისთვის უკვე ჰყავდა მეუღლე, რაც შეყვარებულ წყვილს მუდმივად წინ ეღობებოდა. გრძნობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ნატო დაშორდა მეუღლეს და შენგელაიაზე იქორწინა. პირველი ოჯახის დანგრევა ვაჩნაძეს თაყვანისმცებლებმა არ აპატიეს - კინოვარსკვლავს უგზავნიდნენ სალანძღავ წერილებს და არ აკლებდნენ კრიტიკას, რასაც მსახიობი მწვავედ განიცდიდა. ამ პერიოდში თბილისში იმართებოდა რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებითი საღამო, სადაც ახალდაქორწინებულებიც იყვნენ დაპატიჟებული. წყვილი საღამოზე დაგვიანებით მივიდა, მაიაკოვსკიმ კი სცენაზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა: , , ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია, ამოდით სცენაზე, მე თქვენ ახლა საჯაროდ დაგაქორწინებთ!” წყვილი შეთავაზებას დასთანხმდა. ამ ჟესტის შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება ნაწილობრივ შეიცვალა, თბილისის ქუჩებში კი დიდხანს დადიოდა ლეგენდები ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას სიყვარულის შესახებ.
#თბილისი
#თბილისურიისტორიები
#სიყვარულისისტორიები
#სიყვარული
#ნატო
#ვაჩნაძე
#ირაკლი
#შენგელაია
#tbilisidaily
#art