თბილისს საარაკო სიყვარულით ასაზრდოებდა ორი ლეგენდარული მსახიობის - ბელა მირიანაშვილისა და კახი კავსაძის წყვილი. კახიმ ბელა პირვლეად ინსტიტუტის დერეფანში დაინახა, როცა თანაკურსელ გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა. როგორც კახი იხსენებს, მოჰკრა თვალი და მორჩა: , , აი აქ გადამეკეტა ყველაფერი!" და მას შემდეგ ზურიკელა ვაშალომიძესავით გადარეული დავდიოდიო.
უგონოდ შეუყვარდა ბელა, თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში ვერაფრით უბედავდა გრძნობებში გამოტყდომას. , , ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი… “ - იგონებდა კახი კავსაძე. ამასობაში ბელა სხვა კაცზე დაქორწინდა, მიუხედავად ამისა, კახის მასზე ოცნება არ შეუწყვეტია და საბოლოოდ საყვარელი ქალის გულიც მოიგო.
26 წელი იყვნენ ერთად. აქედან 3 წელი ბელა ჯანმრთელად იყო, 23 წელი კი იავადმყოფა. მძიმე ვირუსი შეეყარა, ლოგინად ჩავარდა, თუმცა წყვილის სიყვარული ბოლომდე მტკიცე და ურყევი აღმოჩნდა. 1992 წელს ბელა მირიანაშვილი გარდაიცვალა, კახი კი წერს: , , ბელა! – ვეძახი უნებურად, ჩვეულებისამებრ… არავინ მეხმაურება. ან როგორ მიპასუხებს მარადისობიდან?! 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ. არა მთლიანი, არამედ – ნახევარი.”
თბილისს კიდევ არაერთი ლეგენდარული სიყვარულის ისტორია ახსოვს. ისტორიები, რომლებიც გვიყვებიან ქალაქის ნაზ სენტიმენტებზე, აქაური ქუჩების რომანტიკულ სიჩუმესა და გარინდებაზე, მუშტაიდის ბაღში გასეირნებაზე, აჟურულ აივნებზე ჩამობარდნილ ყვითელ ფოთლებსა და ძველი სახლების სარკმლებიდან ქურდულად გამოპარულ სინათლეზე, რომელიც ასე ჰგავს შეყვარებული ადამიანის თვალებს.
დღეს 14 თებერვალია, ისევ ფიროსმანისეულ სიყვარულის თრობაშია თბილისი, ისევ ცარიელდება საყვავილეები. ქალაქის ქუჩებში კი ისევ ისეირნებენ წყვილები, რომლებიც წლების შემდეგ თავად მოუყვებიან შვილებს, თუ როგორი დიდი ძალა აქვს სიყვარულს!
#თბილისი
#თბილისურიისტორიები
#სიყვარული
#კახი
#კავსაძე
#ბელა
#მირიანაშვილი
#tbilisidaily