ერთბაშად, თუმცა მრავალი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნი

0
, , ჩემი სახლი“ – ასე ჰქვია პუბლიცისტისა და ჟურნალისტის ნატო კორსანტიას ერთ-ერთ წიგნს, რომელიც 2007 წელს მანანა კარტოზიას რედაქტორობით გამოიცა. მსოფლიო ლიტერატურაში ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ბევრი წიგნია, არის წიგნები, რომლების წასაკითხად დიდი დროა საჭირო. ამასთანავე გვხვდება წიგნები, რომლებსაც ვკითხულობთ და ვერა და ვერ ჩავდივართ ბოლომდე. , , ჩემი სახლი“ ეკუთვნის ისეთი წიგნების კატეგორიას, რომლებსაც ერთი ამოსუნთქვით ვერასდროს წავიკითხავთ, თუმცა მისი წაკითხვა, პირდაპირი მნიშვნელობით, ერთბაშად, ნამდვილად შესაძლებელია. , , ჩემი სახლის“ ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა შეუძლებელი იმიტომ არის, რომ ვიდრე ერთი ეპიზოდიდან მეორეზე გადახვალ, უთუოდ ღრმად უნდა ამოისუნთქო, რათა გული დაიმშვიდო, ავტორის თითოეული სიტყვითა და მის თავს გადამხდარი ამბებით მოგვრილი დარდი , , გარეთ გამოუშვა.“ სხვანაირად არაფერი გამოგივა, რაც უნდა ეცადო, თავს ვერ შეიკავებ და შესაძლოა, , , გულმა რეჩხიც გიყოს“. წვალებ-წვალებით შექმნილი სიმშვიდე დაგერღვეს და მოთმინებამ კითხვისას გიღალატოს ან სულაც მიგატოვოს. ერთბაშად წასაკითხი კი იმიტომ არის, რომ კითხვის დაწყებისთანავე გულში, რაღაც ამოუცნობი განცდა გიჩნდება და გაიძულებს, უფრო მეტად დაუკვირდე, ჩაუღრმავდე თითოეულ ეპიზოდს, რათა არ გამოგრჩეს, არ გამოგეპაროს და სწორედ ამ დროს რწმუნდები, რომ თითქოს ფილმს უყურებ და არ გინდა, საინტერესო მომენტი , , რეკლამამ“ ან , , დენის წასვლამ“ უხეიროდ გაწყვიტოს. მე წიგნი ერთბაშად, თითქმის ორ საათში, წავიკითხე. , , ჩემი სახლი“ ვფიქრობ, უფრო მეტად, დოკუმენტური პროზაა, რაც ზომიერი ლირიკითა და პუბლიცისტური ელემენტებით ოსტატურად არის შეზავებული. ნატო კორსანტია ამ წიგნით ენგურს გაღმა დარჩენილ მშობლიურ სახლსა და ეზო-კარზე გვიამბობს. კერიის მაგიური სითბო კი, რომელიც ადამიანს გამუდმებით თან სდევს და არ ანებებს თავს, სადაც არ უნდა წავიდეს, ამ წიგნში ცხადად, მართლად და ყოველგვარი შელამაზების გარეშეა არეკლილი. ავტორის აზრით, მის გარეშე დარჩენილი მშობლიური სახლი მარტოობისა და ლოდინისთვის განწირულ სახლთაგან ერთ-ერთია, რომელთა მონატრებასაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მძიმე ჯვარივით ეზიდებიან. წიგნის გადაშლისთანავე თვალში გხვდება ოთარ ჭილაძის სიტყვები: , , ...და სახლი, მხოლოდ იმ ადგილს ჰქვია, სადაც სხეული ეშვება ხოლმე, ვით სულის ღუზა...“, რა მრავლისმთქმელი ფრაზაა და მისი წაკითხვის შემდეგ შენც ამ კონტექსტში უღრმავდები ავტორის ფიქრებს, ნააზრევს, ნანახსა და განცდილს. წიგნის წინათქმაში ნატო კორსანტია ამბობს: , , ...ჩემი სახლი თბილისში ყოფნისას თუ თბილისამდე გაწოლილ გრძელ გზაზე გაწბილებულ ოცნებებს იფარავდა და გაწბილების შემდეგაც ცდილობდა მათ გამოზამთრებას. ის ჰგავდა ზღვის პირას აღმართულ შუქურას, რომელიც ნებისმიერი მანძილიდან მკაფიოდ მოჩანდა და მშველოდა, რომ ამ რთულ, მართლაც წუთის სოფელში , , ჩემს სულს გზა არ აბნეოდა“. ყველაფრის მიუხედავად, ეს დღემდე ასეა.“ ეს აზრი, რაოდენ ოპტიმისტურადაც მთავრდება, იმდენადვე სევდისა და დარდის მოზიარეა ავტორის კალამთან, რომლის წვერზეც თითქოს მისი სახლის ანგელოზებს დაუდიათ ბინა. მხატვრულ ლიტერატურაში გვხვდებიან ავტორები, რომლებიც იმდენად ოსტატურად წერენ, რომ მათ მიერ შექმნილ ვერც ერთ პერსონაჟს ვერ დავადანაშაულებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნამდვილად საზარლად იქცევიან. პუბლიცისტიკაში და მით უმეტეს, დოკუმენტურ პროზაში მსგავსი შემთხვევები იშვიათია. პირადად ჩემთვის, თვალშისაცემი იყო ავტორის გულწრფელობა, რამაც კიდევ უფრო კარგად გამაცნო იგი. ნატო კორსანტია თხრობისას იმდენად გულწრფელია, რომ ასე გეჩვენება, თითქოს შენ ხარ თითოეული ამბის მთავარი მონაწილე და საკმარისია პერსონაჟის მორალსა და საქციელზე დაფიქრდე, რომ უმალ საკუთარ თავს დაინახავ და სუბიექტური ხდები. მეც ასე დამემართა და ძალიან , , გავბრაზდი“, როდესაც გავიგე, რომ ავტორმა და მისმა დამ ოლაგვანედან (საქვევრე) მამა-პაპისეული ქვევრები საკუთარი ხელებით ამოთხარეს და ახალ ეზოში , , გადააგორეს“, მათი ჩაყრა კი დაღლილ-დაქანცულებმა , , სხვა დროისთვის გადადეს“. მერე კი თანდათან ქვევრები ეზოდან ნატეხ-ნატეხ გაზიდეს და ხევში გადაყარეს. თუმცა ისინი მაინც ვერ დავადანაშაულე, ვერ გავკიცხე, რადგან ვიფიქრე, რომ მეც , , ალბათ“ ავტორისა და მისი დის მსგავსად მოვიქცეოდი. ასევე განვრისხდი, როდესაც წავიკითხე: , , სიბერის ნიშნები თანდათან ტუგოსაც დაეტყო (გერმანული ნაგაზი). ძაღლის ბედმაც სწორედ მაშინ უმტყუნა. უცნაური სენი შეეყარა - ბეწვი ცვიოდა და კანი ექერცლებოდა. საცოდავი შესახედავი გახდა. ჩემი დის ქორწილის წინა დღეს კი, ხალხთან არ გამოიჩინებაო და ჩვენს ერთგულ და ერთ დროს საამაყო ძაღლს საჭმელში საწამლავი შევურიეთ და სიცოცხლეს გამოვასალმეთ. საბრალომ დაისვენაო, დავიმშვიდეთ თავი. თუმცა რაღა სიმშვიდეა, თუ სინდისის ქენჯნა გამოჩენილი უმადურობისა და სისასტიკის გამო, მას მერე განვლილი ათი წლის შემდეგაც არ მოგასვენებს.“ (, , ძაღლის ბედის გარეშე დარჩენილი ძაღლი“, გვ.72). ამ ამბის გაგებისთანავე გული საოცრად დამწყდა. თითქოს ყველა იმ ძაღლის გამო, რომლებიც აქამდე მყოლია, სიყვარულისა და სინანულის გრძნობა ერთბაშად მომეძალა, თუმცა ავტორისა და მისი დის საქციელი სისასტიკედ (რა თქმა უნდა, სუბიექტურად) მაინც ვერ მივიჩნიე, რადგან მეც სოფლიდან რამდენჯერ წამომიყვანია ძაღლი, რომელსაც „ბეწვი ცვიოდა და კანი ექერცლებოდა“ და სხვა სოფლის, მისთვის უცხო შარა-გზაზე ბედის ანაბარა მიმიტოვებია, რამდენჯერ ჩამისვამს ტომარაში და ტყეში დამიგდია და კიდევ ვინ მოთვლის, რა არ ჩამიდენია. ავტორი თითქოს ჩვენს, ადამიანთა გულგრილობაზე კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გვაფიქრებს და გვეუბნება, რომ ადამიანმა ვერ შეძლო ადამიანის ისე შეყვარება, როგორც ძაღლმა და ჩვენი ქმედებების შეხსენებით, ნამდვილად გვიჭირს, განვრისხდეთ იმ პერსონაჟებზე, რომლებმაც ძაღლს საჭმელში საწამლავი შეურიეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. წიგნში კიდევ ბევრი ემოციური ეპიზოდია ასახული, თუმცა აუცილებლად უნდა გამოიყოს , , დედის ნამზითვი სუფრა“ (გვ.43), რომელიც , , ახლა თბილისში, ავტორის ახალ სახლში მასპინძლობს გამორჩეულ სტუმრებს და ახლიდან თხელდება“. ასე რომ, თუ ქალბატონ ნატოსთან სტუმრობისას , , დედის ნამზითვმა სუფრამ“ გიმასპინძლათ, ე.ი თქვენ მისი ნამდვილად გამორჩეული სტუმარი ბრძანდებით. ამ წიგნში სწორედ ავტორის დედის ნამზითვი სუფრის ფრაგმენტებია გამოყენებული, რაც წიგნს ნამდვილად მომხიბლავსა და შინაარსობრივად დატვირთულს ხდის. არანაკლებ საყურადღებოა წიგნის ბოლო წერილი, რომელიც , , ლამინირებულ ყვითელგულას - თილისმას“ (, , თილისმა“, გვ.91) ეხება. იგი ავტორს მიტოვებულ სახლამდე , , მიაცილებდა“ ხოლმე, ვიდრე ჩანთიანად არ მოპარავენ მას. ამის შემდეგ ავტორი ხვდება, რომ , , ლამინირებული ყვითელგულა“ კი არ იყო თილისმა, რომელიც მას სახლში აბრუნებდა, არამედ სახლი, რომელიც მიტოვებულია და ახლაც ჩვეული სევდით უსახლიკაცობას ითმენს. , , მაპატიე, სახლო ის დროებითი დაბნევა და შენდამი გაგულგრილება მაპატიე! მე მალე მივხვდი, რომ თავად შენ ხარ დედ-მამის დატოვებული უდიდესი სახსოვარი და შენთან მოსასვლელად სხვა არანაირი თილისმა არ მჭირდება. შენ თვითონ გაქვს მიზიდულობის ისეთი ძალა, რომელსაც საბოლოოდ ვერანარი ბარიერი ვერ შეაკავებს. შენ ჩემზე ბევრად უფრო რთული მისია გერგო, სახლო! მე ამ მთიდან იმ ბარად ვეხეტები, შენ კი ფეხს ვერსად გაადგამ, მხოლოდ უნდა დამელოდო და ჩამოსვლისას შენებურად - სახურავზე წვიმის წვეთების რაკუნით, ქარში ფანჯრების ჭრიალით, მშობლიური და მონატრებული ხმების აკვიატებით და ათასი და ასიათასი მინიშნებით მიამბო, როგორ ხარ, როგრო უძლებ მარტოობას. მე და შენ სხვა გზა არცა გვაქვს, სახლო! მე უშენობა უნდა მოვითმინო, შენ - უჩემობა. მე ყოველთვის უნდა მელოდებოდე. ჩვენ მხოლოდ ამ გრძნობების სიმძაფრე შეგვყვრის ხოლმე ერთად“ (გვ.94). წიგნი ამ სიტყვებით სრულდება და ჩვენს, მკითხველთა, გონებაში სიღრმიდან ამოტივტივდება ის შეკითხვა, რომელიც წიგნის გადაშლისას, ოთარ ჭილაძის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, საკუთარ თავს დავუსვით: - , , ნეტავ, როგორია ამ წიგნის ავტორის სახლი, სადაც მისი სხეული „სულის ღუზასავით“ ეშვება ხოლმე?!“ და მხოლოდ ამის შემდეგ დავხურავთ წიგნს და დავაკვირდებით მის ყდას, რომელზე გამოსახულ სახლის ფოტოებსაც კითხვის დასრულებამდე სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ. მარტო დარჩენილი, ქვითკირით ნაგები სახლის შემხედვარე, რომლის ეზოშიც დიდი პალმა დგას და ყვითელი ნარცისები გეგებებიან, რთული არ არის ავტორის სევდასა და გულის ტკივილს ჩაწვდე და მიხვდე, რომ , , ჩემი სახლი“ უფრო , , ჩვენი სახლია“. სახლი, რომელიც , , აფხაზეთისა“ და , , ცხინვალის ომების“ გამო, იძულებით დავტოვეთ. P.S მე კი, მხოლოდ ახლაღა ვხვდები ნატო კორსანტიას მინაწერის მთავარ არსს, მის მიერვე ნაჩუქარ წიგნზე „ჩემი სახლი“: , , შალიკოს, სიყვარულით, საუკეთესო სურვილებით, იმ იმედით, რომ შენს მიზნებს აუცილებლად მიაღწევ და ქვეყანას სამუდამოდ არასოდეს დატოვებ!“ რომ მას არ სურს ქვეყნისა თუ სახლის დატოვების შედეგად გამოწვეული დარდი, ჩემთვისაც მოუნელებელ და დაუსრულებელ ტკივილად იქცეს, იმგვარ ტკივილად, რომელიც წიგნის ავტორს მარადიულად აწუხებს და თან სდევს. ავტორი,
შალვა ბერიანიძე
#ხელოვნება
#ლიტერატურა
#აფხაზეთი
#ოკუპაცია
#სოხუმი
#გალი
#სახლი
0