რა ხდებოდა ირაკლი შოთაძის გენპროკურორობის დროს?
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია ანუ როგორ უბრუნდება ყოფილი გენერალური პროკურორი დატოვებულ თანამდებობას...
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა, მისი თანამდებობა კი ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეს შეეწირა. ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებებით ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელი ვერ დადგინდებოდა.
საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს არ იზიარებდა, თუმცა იღებდა პასუხისმგებლობას განვითარებულ პროცესებზე და ტოვებდა თანამდებობას. მმართველი გუნდის წევრებმა და უმრავლესობის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გენერალური პროკურორის გადადგომა ღირსეულ ნაბიჯად შეაფასეს და განაცხადეს, რომ შოთაძემ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი გამოიჩინა. მოგვიანებით, ხორავას ქუჩის საქმის გამო შეიქმნა საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაც, რომელმაც საქმეში პროკურატურის მხრიდან არაერთი დარღვევა გამოკვეთა.
შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება სხვა არაერთი გახმაურებული საქმეც.
„ციანიდის საქმე“ - 2017 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას დეკანოზ გიორგი მამალაძის აეროპორტში დაკავების შესახებ ამცნო. დაკავების მიზეზად შოთაძემ , , მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" დაასახელა. რამდენიმე დღის შემდეგ კი პროკურატურამ განაცხადა, რომ სამიზნე პატრიარქის „გარემოცვის ერთ-ერთი პირი“ იყო. ამავე წლის სექტემბერში სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის გარემოებების შესახებ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევისა და სასამართლოს განაჩენის სუსტი დასაბუთების გამო საზოგადოებაში მრავალი კითხვა გაჩნდა.
„მუხთარლის საქმე“ - კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს უკავშირდება. აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, მეორე დღეს კი იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის ბრალდებით.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მალევე აღძრა, იმავე წლის ივლისში კი გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. 2018 წლის მაისში მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე ვერცერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული.
საქმის გამჭირვალედ გამოძიებისკენ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოუწოდა. მიუხედავად ამისა, შოთაძის გენერალური პროკურორობის პირობებში ამ საქმის ირგვლივ არსებულ კითხვის ნიშნებს პასუხი არ გასცემია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. საპროკურორო საბჭოს შოთაძის კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა. ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე აღიარა, რომ ის მამუკა ხაზარაძეს, ვანო ჩხარტიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ არაფორმალურ შეხვედრას ესწრებოდა. მიუხედავად ამისა, ფარული კანჭისყრის საფუძველზე საბჭომ სწორედ ყოფილ გენერალურ პროკურორზე შეაჩერა არჩევანი და მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა. ამ ფაქტს ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო აქტივისტების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ირაკლი შოთაძეს ახლა გენერალურ პროკურორობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს - მას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
#საქართველო
#პროკურატურა
#არჩევნები
#პარლამენტი
#ირაკლიშოთაძე
#შოთაძე
#ციანიდი
#მუხთარლი
#საქმე
#ხაზარაძე
#ჩხარტიშვილი
#ივანიშვილი
#tbilisidaily
#politics