0
ოქროს ჩარდახი - ქუთაისის საამაყო წარსული... მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ეს ულამაზესი ნაგებობა, რომელიც ქუთაისელების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, დიდ ისტორიას ინახავს. XVI საუკუნის მეორე ნახევარში აქ იმერეთის მეფის, ბაგრატ მე-2-ის სასახლე იდგა, რაზეც იტალიელი მოგზაური - ამბროჯიო კონტარინი საკუთარ ნაშრომში საუბრობს. უკვე XVII საუკუნეში კი სამეფო რეზიდენცია რამდენიმე ძირითადი ნაგებობისაგან შედგება, მათ შორისაა : წმ. გიორგის კარის ეკლესია, მცირე და დიდი სახლი და სასადილო პალატი. სამწუხაროდ, იგივე პერიოდში ოდიშის მთავრის, ლევან დადიანის თავდასხმებმა თავისებური დაღი დაასვა ამ სამეფო მემკვიდრეობას, ხოლო მომდევნო საუკუნის 70-იანი წლებისთვის სამეფო რეზიდენცია საერთოდაც მიტოვებული დარჩა. მე-19 საუკუნეში კომპლექსისაგან მხოლოდ წმ. გიორგის კარის ეკლესია, მცირე სახლი და სამრეკლოღა იყო შემორჩენილი. დღეს, ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული მემკვიდრეობა მაშინდელ ე.წ მცირე სახლს წარმოადგენს, რომელიც 12 სვეტზე დასმული დახურული გალერეაა. ოქროს ჩარდახის სახელწოდების შესახებ ივანე ჯავახიშვილი საკუთარ ნაშრომში, ‘’მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისთვის’’, წერს. მისი თქმით, ჩარდახი ქართულად გასაგრილებელ, ზაფხულისთვის დამახასიათებელ ნაგებობას აღნიშნავს. ეს განმარტება კი ზუსტად მიესადაგება ჩარდახის მდებარეობასა და აგებულების სტრუქტურას. 1859 წელს პ. გნილოსაროვი წერს, რომ ზემოხსენებულ ნაგებობას ჩარდახი მისი გრილ ადგილას მდებარეობის გამო ეწოდა. ის, ასევე აღნიშნავს რომ მეორე სართულზე მდებარე დახურული გალერეადან მაღალი მთებისა და მდ. რიონის ნაპირზე ულამაზესი ხედები იშლება . XIX საუკუნის დასაწყისში ჩარდახი რუსეთის სახაზინო მფლობელობაში გადავიდა. თუმცა, 1830 წელს იგი სამეგრელოს მთავარს, ლევან დადიანს გადასცეს. მოგვიანებით კი, ჩარდახი თუმანიშვილებისა და საკოფიაშვილების ხელში აღმოჩნდება. XV საუკუნეში დამკვიდრებული ტერმინით, ‘'ოქროს ჩარდახით’’ შემკულ ნაგებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ქუთაისის, არამედ მთელი ქვეყნის ფეოდალური წარსულის შესასწავლად. შესაბამისად, მეცხრამეტე საუკუნეში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოებისას, ძეგლს პირვანდელი სახე მაქსიმალურად შეუნარჩუნდა. ჩარდახის მთავარი მახასიათებელი არის მრავალწლოვანი ჭადრის ხე, რომელიც ერთ-ერთია საუკუნეების წინ ეზოში მდგარ ხეთაგან. უძველესი სამეფო რეზიდენციისაგან შემორჩენილი მცირე სახლი ქუთაისის პირველი გიმნაზიის მოსაზღვრედ მდებარეობს. იგი დღეს ისტორიული მუზეუმის სახით აგრძელებს არსებობას და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია.
#ქუთაისი
#ისტორია
#ოქროსჩარდახი
#ჩარდახი
#რიონი
#kutaisidaily
#goodplaces
0