542 Views
Kutaisi Daily
Kutaisi · 7 months ago

რა ისტორიას ინახავს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი...

ისტორიაში საამაყოდ ჩაიწერა, 1969 წლის 27 დეკემბერი, როდესაც ქალაქის გულში დირიჟორ თეიმურაზ კობახიძის თაოსნობით “ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი” საზეიმოდ გაიხსნა.

“1952 წელს ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორის ადგილი შესთავაზეს. სწორედ სასწავლებელში დაებადა იდეა, რომ სახალხო ოპერის თეატრი შექმნილიყო.’’- ჰყვებიან მასზე მეგობრები.

თითქმის მთელი დეკადა შეალია ბნ. თეიმურაზმა გუნდისა და ორკესტრის დახვეწაზე მუშაობას. საბოლოოდ კი, 1969 წელს, მისივე დირიჟორობით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტების, ეკატერინე ხიჯაკიძის, პეტრე და მედეა ამირანაშვილების, გივი ტორონჯაძის, კუკური მაღრაძისა და სხვათა მონაწილეობით, ქუთაისის კოლექტივმა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერი” წარადგინა. აღნიშნულმა კი მაყურებლის და იმდროინდელი ხელისუფლების გული ერთმნიშვნელოვნად მოიგო.

ამრიგად, 27 დეკემბერს თეატრი ამავე სპექტაკლით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ოპერის თეატრს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელს ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი მაყურებლისთვის მიუწვდომელი გახდლათ. თუმცა, იმავე წლის 29 დეკემბერს, რეკონსტრუქციის დასრულების შემდგომ, მას სიცოცხლე ხელმეორედ დაუბრუნდა.

ქუთაისის ოპერის თეატრი ვენის ოპერის მცირე ზომის ანალოგიაა. 453 მაყურებელზე გათვლილი თეატრის რეაბილიტაციის შედეგად სრულად შეიცვალა გარე ფასადი. ახლა თეატრის სახურავიდან ქუთაისელი მოქანდაკის, გიორგი კიკვაძის მიერ შექმნილი 13 რომაელის ქანდაკება ამაყად გადმოჰყურებს ჩვენს მშვენიერ ქალაქს. არც დარბაზი დარჩენილა განახლების გარეშე. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამან ქუთაისის ოპერის ძირითადი მახასიათებელი, უნიკალური აკუსტიკა გარკვეულწილად შეცვალა.

“ქუთაისი ოპერისა და ბალეტის თეატრი” ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა. აქ ხომ ხალხს ოდითგანვე განსაკუთრებული დიდი ლტოლვა და სიყვარული ამოძრავებს, ბობოქარი კულტურული ცხოვრებით არსებობისა…

გულდასაწყვეტია, რომ იმავეს თქმა არ შეგვიძლია დღევანდელ მდგომარეობაზე. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ეს დროებითია და მხოლოდ საერთო ეკონომიკური სიდუხჭირითაა გამოწვეული.

სამწუხაროა, თუ როგორ მოქმედებს ეს უკანასკნელი ქალაქის კულტურული ცხოვრების შემოქმედებით მდგომარეობაზე.

#ქუთაისი #ოპერა #თეატრი #მელიტონბალანჩივაძე #ბალანჩივაძე #ოპერისადაბალეტისთეატრი #kutaisidaily #goodplaces
Kutaisi Daily
Kutaisi · 7 months ago
10
Write a comment