0
პარლამენტი, როგორც არენა „პურისა და სანახაობისთვის“. თუკი წლების განმავლობაში ქართულ რეალობაში პროტესტი ძირითადად მასშტაბური აქციებითა და „გადადექი! გადადექი!“-ის ყიჟინით ვლინდებოდა, დღეს პროტესტის კულტურაში პერფორმანსებისა და კრეატივიზმის ნიშნებმა იწყო დამკვიდრება. სანახაობრივი ელემენტების გამოყენებამ პროტესტი მეტად დასამახსოვრებელი გახადა და ხელი შეუწყო სოციუმში გარკვეული სიმბოლური ხატების დამკვიდრებას. აქცია-პერფორმანსი დემოკრატიის ხარისხის განმსაზღვრელ ინდიკატორადაც იქცა და ბიძგი მისცა საზოგადოების კულტურული მოზაიკურობის წარმოჩენას. პოლიტიკური ძალებიც არ ჩამორჩნენ თანამედროვე დროის მოთხოვნებს, ნელ-ნელა გასცდნენ პროტესტის გამოხატვის ტრადიციულ ფორმებს და საზოგადოებრივი დღის წესრიგის შესაქმნელად აქტიურად დაიწყეს პროტესტის ახალი ინსტრუმენტების გამოყენება. წინა წლებისგან განსხვავებით ცემა-ტყეპა, სიტყვიერი მუქარა და მაგიდაზე ხელების ბრახუნი ჩაანაცვლა დეპუტატების მიერ მოწყობილმა სკანდალურმა შოუებმა, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პერფორმანსების კულტურა კვლავაც არ გასცდენია მიკროსოციუმის ფარგლებს. როგორც წესი, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში პერფორმანსი კონკრეტული ფიგურების ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას ისახავს მიზნად და ნაკლებადაა მიმართული სოციალური ერთობის შექმნისკენ. პარლამენტში პერფორმანსული პროტესტის გამოვლენის ერთ-ერთი მაგალითი საზოგადოებამ გუშინაც იხილა. ოპოზიციის რამდენიმე წევრმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს გამოსვლა საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაშვებით შეაწყვეტინა. თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციასა და მასში „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ წვლილზე საუბრობდა. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის პერფორმანსს ტაშით შეხვდა და აღნიშნა, რომ სიმბოლურია ენმ-ის წარმომადგენლების გამოჩენა ოკუპაციაზე საუბრის დროს. საგულისხმოა, რომ საქართველოში არსებობს „კანონი ოკუპაციის შესახებ“, რომელიც კრძალავს საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებას და ითვალისწინებს გარკვეული ტიპის სანქციებს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებს საბჭოთა ჰიმნის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გაჟღერებისაგან თავი არ შეუკავებიათ. ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის წევრებმა გაიკეთეს ნიღბები ბიძინა ივანიშილის გამოსახულებით, ხმაურით შევიდნენ იურიდიული საკითხთა კომიტეტის დარბაზში და გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენის ჩაშლა სცადეს. გარდა ამისა, მათ მმართველი გუნდის წევრებს დაურიგეს ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას პოსტერები და აღნიშნეს, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები. ოპოზიციის პერფორმანსის საპასუხოდ ირაკლი შოთაძემ განაცხადა: „თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველესყოვლისა მსგავსი ქმედებებით თვითონ რჩებიან შეურაცხყოფილი. ადამიანს მხოლოდ აღზრდა არ უშველის თუ ბუნებამაც არ უშველაო.“ რამდენიმე თვის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებაც კი დაღვარეს, რის შემდგომაც 2 დეპუტატი და აპარატის 1 თანამშრომელი შეუძლოდ გახდნენ. პარლამენტში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, შსს-მ კი გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ინცინდენტი პარლამენტზე „ქიმიურ შეტევად“ შეაფასა. ამგვარად, შეიძლება ითქვას: გარკვეული პოლიტიკური ძალები მხოლოდ დესტრუქციული დღის წესრიგით მოქმედებენ, უარს ამბობენ კონსტრუქციულ დიალოგზე და ირჩევენ ღია კარის მტვრევას. ამ სტრატეგიის განხორციელება ხშირად პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლაში გამოიხატება, რითაც იგივე ადამიანები თავად არღვევენ მათ მიერ მიღებულ არაერთ კანონს.
#თბილისი
#პარლამენტი
#პოზიცია
#ოპოზიცია
#დესტრუქციულიძალები
#ქიმიურითავდასხმა
#კანონი
#კონსტრუქციულიდიალოგი
#დიალოგი
#tbilisidaily
#politics
0