0
მერაბიშვილიც უგულავას კვვალდაკვალ? ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ხვალ სრულდება. ციხეში გატარებული 7 წლის შემდეგ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ე.წ. მატროსოვის ციხეს ტოვებს. არაერთ გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებული მერაბიშვილის გათავისუფლება დღეს მსჯელობის საგნად იქცა. ოპოზიციაში უკვე შიშობენ, რომ მერაბიშვილის შემთხვევაშიც გიგი უგულავას სცენარი განმეორდება და მას ისევ საპყრობილეში დაბრუნება მოუწევს. ხელისუფლების ოპონენტებს ამის თქმის საფუძველს სასამართლოში მიმდინარე ორი დავა იწვევს. პროკურატურა მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკოპანია იმედში შეჭრის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. მერაბიშვილის გათავისუფლებას მართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ კითხვაზე, ემუქრება თუ არა მერაბიშვილს უგულავას მსგავსად ციხეში დაბრუნების საფრთხე, გაგნაცხადა, რომ სამართლებრივ პასუხისმგებლობაში ადამიანთა მიცემა მისი შესაფასებელი არ არის, თუმცა ისიც დაამატა, რომ არაერთ დანაშაულში მხილებული ადამიანის პოლიტიკურ შანსებზე საუბარია ზედმეტია. დაბრუნდება თუ არა მერაბიშვილი პოლიტიკაში? ეს კითხვაც დღეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მერაბიშვილი ხვალ თავად იტყვის. „7 წლის განმავლობაში უსამართლოდ იჯდა ციხეში. სასიხარულოა, რომ ხვალ დააღწევს თავს ამ რეპრესიულ, უსამართლო სასჯელს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ის თავად იტყვის ხვალ პირველი. ხვალ გვეცოდინება მისი პოზიცია და მისი მომავალი გეგმების შესახებ“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ. „ჩვენ ვანო მერაბიშვილს არ მივცემთ პოლიტიკაში მშვიდად ყოფნის საშუალებას. ის არის მკვლელი და აუცილებლად აგებს პასუხს, “ - ასე გამოეხმაურნენ მერაბიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს ჩატარებული „მუხროვანის“ სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული გია კრიალაშვილის ოჯახი. ა.ო. „შეინარჩუნე სიცოცხლეს“-სთან ერთობლივ კონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არის მკვლელი და საგამოძიებო უწყებას მოკვვლევის დროულად დასრულებისკენ მოუწოდეს. ვანო მერაბიშვილი ე.წ. მოტროსოვის ციხეში სასჯელს 2013 წლიდან იხდის. სასამართლომ ყოფილი შს მინისტრი ისეთ ცნობილ საქმეებში დამნაშავედ ცნო, როგორებიცაა 26 მაისის აქციის დარბევა, გირგვლიანის საქმე და ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმა.
#politics
#opinion
#news
0