0
მერაბიშვილის პოლიტიკური ცხოვრების გზა. , , ჩემი საქმიანობა უფრო კონსტრუქტორის საქმიანობას ჰგავდა, ვიდრე ხელოსნის, რომელსაც მზა ნახაზები და თვალსაჩინო მაკეტი აქვს, ’’ - ეს მცირე ამონარიდია ვანო მერაბიშვილის ღია წერილიდან, რომელიც მან მატროსოვის ციხიდან ქართულ საზოგადოებას გამოუგზავნა. სწორედ მატროსოვის ციხის სამარტოვო საკანში გაატარა 6 წელი და 9 თვე ყოფილმა შს მინისტრმა, ხვალ კი ციხის კედლებს დატოვებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და , , ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი იყო. 8 წლის განმავლობაში მერაბიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, 2012 წელს კი საერთოდ, პრემიერ-მინისტრად მუშაობდა. მისი საქმანობის წლები უკავშირდება როგორც წარმატებულ რეფორმებს, ისე გახმაურებულ საქმეებსაც, რომლებმაც საბოლოოდ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური ცხოვრების გზა ციხისაკენ გაკვალეს. აქ რამოდენიმე მათგანის მიმოხილვას შემოგთავაზებთ. თავდასხმა ვალერი გელაშვილზე - 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ , , რეზონანსში” გამოქვეყნდა პარლამენტის იმჟამინდელი წევრის, ვალერი გელაშვილის სტატია, სადაც დეპუტატი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს დაავალა, რომელმაც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება. დაზარალებულმა ვალერი გელბახიანმა ცემის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. კვარიათის აგარაკის საქმე - 2009 წელს ივანე მერაბიშვილმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში ზღვის პირას მდებარე შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია”-ის აგარაკი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ დაიკავა. მერაბიშვილი თითქმის 4 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით. გარდა ამისა, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და აგარაკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებით გაარემონტა. გირგვლიანის საქმე - სწორედ გირგვლიანის მკველობა აღმოჩნდა ის წითელი ხაზი, რომელმაც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პორტრეტის შექმნაში გადამწყვეტი შტრიხები შეიტანა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის, განსაკუთრებით კი იმ დროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მისამართით მწვავე კრიტიკა გამოიწვია. როგორც ცნობილია , , შარდენ-ბარში” სანდრო გირგვლიანსა და მის მეგობარს შელაპარაკება მოუვიდა ვანო მერაბიშვილის ახლო გარემოცვის წევრებთან. ბარიდან გასვლის შემდგომ გირგვლიანი ოქროყანაში გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პირველი საზოგადოებრივი განცხადება 25 თებერვალს გააკეთა და მიანიშნა, რომ საქმეში ნახსენები არცერთი თანამშრომელი თანამდებობიდან არ გათავისუფლდებოდა. მოგვიანებით საპარლამენტო მოსმენებზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას ჯერ არ ჰქონდა გამოვლენილი რაიმე ფაქტობრივი მტკიცება. საპარლამენტო მოსმენების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მერაბიშვილი ხელს აფარებდა კრიმინალებს. ამ მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად, მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე. , , ორი გვამი მინდა” - ეს ის ფრაზაა, რომელიც ვანო მერაბიშვილი კიდევ ერთ დიდ სკანდალში გახვია. 2014 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი შემდეგი სიტყვებით მიმართავს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელებს: , , მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსო, პრემია დიდია.“ ვიდეომასალაში ასახულია სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიდეომასალა უკავშირდებოდა 2009 წელს მუხროვანის მოვლენების მონაწილე პირთა წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რის შედეგადაც გარდაიცვალა გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა ორი ადამიანი. ვიდეოს შინაარსს საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ფრაზა , , ორი გვამი მინდა” კი იმ რეჟიმის სიმბოლოდ იქცა, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის მაისში, ივანე მერაბიშვილი რამდენიმე ბრალდებით დააკავეს. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკის, ამომრჩევლის მოსყიდვის და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის საქმეებზე. ახლა მერაბიშვილი ციხის კედლებს მიღმა ბოლო საათებს ითვლის, გაგრძელდება თუ არა მისი წინააღმდეგობებით სავსე პოლიტიკური გზა საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
#თბილისი
#საქართველო
#შსს
#საპატიმრო
#ივანე
#ვანო
#მერაბიშვილი
#სანდრო
#გირგვლიანი
#ვალერი
#გელაშვილი
#კვარიათი
#კვარიათისსაქმე
#ორიგვამი
#tbilisidaily
#news
#politics
0