აფხაზეთის ომის ტრაგედია ერთი ოჯახის ისტორიით

0

სოხუმი (2007 წელი)

სოხუმელმა 43 წლის მამუკა ფარცვანიამ ძმები, გია და ირაკლი, ბოლოს 1992 წლის 18 აგვისტოს ნახა. ომი ახალი დაწყებული იყო. 16 წლისა, ოჯახის როგორც ყველაზე უმცროსი წევრი, სოხუმიდან სოფელში გახიზნეს. ერთ კვირაში მშობლებისგან შეიტყო ძმების დაღუპვის ამბავი: „ისინი დაიღუპნენ გუმისთაზე. 22 აგვისტოს ნაღმზე აფეთქდნენ. პოზიციაზე მიდიოდნენ. ჩემი უფროსი ძმა 19 წლის იყო, მეორე - 17-ის. გია და ირაკლი. თბილისში, გმირთა მოედანზეა მათი სახელები ამოტვიფრული. მანამდე ერთი კვირით ადრე ვიყავით ჩასული.მამაჩემი ეხვეწებოდა, არ წახვიდეთო, თქვენ რომ მოგკლან, მე რა უნდა ვქნაო. ჩემმა ძმამ უთხრაისე, რომ სახეშიც არ შეუხედავს: ცხრა ძმა ხერხეულიძე დაიღუპა საქართველოსთვის და ჩვენ რომ დავიღუპოთ, არაფერი მოხდებაო. მართლაც ერთ კვირაში დაიღუპნენ“, - იხსენებს 26 წლის წინ მომხდარს მამუკა ფარცვანია. მათი ბინა სოხუმში, ახალ რაიონში, რკინიგზის სადგურთან ახლოს იყო. შენობა მუდმივად დაბომბვის ეპიცენტრში ხვდებოდა. მამუკა ფარცვანია იხსენებს, რომ ერთ დღეს სოხუმელ მეზობლებთან ერთად აფეთქებების შედეგად გარდაცვლილი 37 ადამიანი დაითვალეს. მამუკამ საბოლოოდ სოხუმი ომის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.

სოხუმი (2014-2016 წლები)

ახლა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილებისთვის აშენებულ კორპუსში ცხოვრობს.ზუგდიდელი ცოლი შეირთო, ორი კვირის წინ კი ქალიშვილი შეეძინა. ამბობს, რომ სოხუმში განცდილს და ნანახს მეუღლესაც არ უყვება. ყველაფრის დავიწყება უნდა, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი და დასახიჩრებული ადამიანების ცხედრების, ქალაქის ქუჩებში რომ ნახულობდა. უკვე 26 წელია ამ კადრებს უშედეგოდ ებრძვის. სოხუმის შემდეგ მეორე ომი უკვე აფხაზეთიდან ზუგდიდში მომავალმა გზაზე ნახა, რომელიც მეზობლებთან ერთად გაიარა. მშობლები სოხუმში დარჩნენ, გარდაცვლილი შვილების საფლავი არ დატოვეს. სვანეთის მთებში, ზუგდიდისკენ მომავალ გზაზე, 16 წლის ბიჭმა ყინვას და შიმშილს გაუძლო. შიში დაამარცხა. ამბობს, რომ ძირთადად მოხუცები და ბავშვები იღუპებოდნენ, გზის სიმძიმეს ვერ უძლებდნენ. ერთ დღესაც ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავმა პროდუქტები ჩამოყარა. მშიერი ხალხი ერთმანეთს პურს ხელიდან გლეჯდა. მამუკა ფარცვანიას კიდევ ერთი მძიმე მოგონება სწორედ ამ თვითმფრინავს უკავშირდება: „ძალიან ლამაზი ახალგაზრდა გოგო მოდიოდა თოთო ბავშვით ხელში. ეხვეწა ვერტმფრენის მძღოლს, რომ აეშვა. მან უარი უთხრა. მე ვთხოვე პილოტს, აუშვი, ცოდოა-მეთქი. მახსენდება იმ გოგოს გახარებული სახე, როგორ ჩაჯდა ვერტმფრენში. ღამდებოდა, ვერტმფრენმა სიმაღლე ვერ ასწია და კლდეს შეეჯახა. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა მაშინ, იქ იყო ის გოგოც. ძალიან ძნელი იყო ეს ყველაფერი. ისე მივეჩვიე ამ ამბებს, მაშინ რაღაცნაირად გული არ მტკიოდა. მერე, როცა ჩამოვედი, სიწყნარეში, სიმშვიდეში რამდენიმე წელი არ მეძინა. სულ ის მახსენდებოდა“. მამუკა ფარცვანიამთავი სამშვიდობოს სვანეთში გადმოსულმა, ჭუბერის თემში იგრძნო. რამდენიმედღიანი შიმშილის შემდეგ პირველად აქ დანაყრდა: „ზუგდიდიდან ჩამოვიდა მანქანა ჭუბერში, პური ჩამოიტანა. ამდენი დღის შიმშილის შემდეგ პური რომ ვჭამე, ცუდად გავხდი. სასწაულად გადავრჩი. ვიღაც ქალბატონის სახლში მოვხვდი და იმან მიმკურნალა“.

ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია

ზუგდიდში ბებია-ბაბუასთან ჩამოვიდა, სოფელ ხამისკურში. ყოველდღე ენგურის ხიდზე მიჰყავდათ მამიდებს. მშობლების მოლოდინში იყო. ყველა, ვინც ნათესავს ან ოჯახის წევრს ეძებდა, ენგურის ხიდთან მიდიოდა. ხალხი ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიდა. ასე ერთმა კვირამ გაიარა. იმ დღეს, როცა ხელი ჩაიქნია და იფიქრა, რომ ხიდზე წასვლას აზრი არ ჰქონდა, მშობლები მოულოდნელად სახლში ესტუმრნენ. მას შემდეგ დაიწყო ზუგდიდში ახალი ცხოვრება, თუმცა მამამ დაღუპულ შვილებზე დარდს ვერ გაუძლო, მძიმე ავადმყოფობა შეეყარა და აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის დღიდან მე-12 წელს გარდაიცვალა. ომის დასრულების შემდეგ მამუკა ფარცვანიას დედამ, ნათესავების დახმარებით, შვილების საფლავების მონახულება მხოლოდ ერთხელ 2010 წელს შეძლო. ახლა 75 წლის ქალი თავს იმით იმშვიდებს, რომ 17-19 წლის მეომრების საფლავს აფხაზი ნათესავები უვლიან. ავტორი: თამარ ზანთარია წყარო: რადიო თავისუფლება ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ომი
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#sokhumidaily
0