1206 Views
Headline
Tbilisi · 7 months ago

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის ურნების მონტაჟი დაიწყო. ეს საპილოტე პროექტია თბილისისთვის, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტს 7 მილიონამდე ლარი უჯდება. 3 მილიონ 300 ათასი ლარი უკვე დახარჯულია. პირველ 90 ნაგვის ურნას “ჯითი” ჯგუფი დაამონტაჟებს, რომელთანაც ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაფორმდა. თბილისის საკრებულოს ოპოზიციას პროექტის ხარჯეფექტურობაში ეჭვი ეპარება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ დედაქალაქის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე EBRD-თან ერთად ახლა მუშაობს. ამაში კიდევ 500 ათასი ევრო იხარჯება.

“არანაირი საჭიროება არ იყო, რომ ერთ ურნაში 31 ათასი ლარი გადაგვეხადა. მით უმეტეს იმ ქალაქში, სადაც უამრავი ბავშვი შიმშილობს. უამრავი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა. არანაირი დასაბუთება იმისა, თუ რა საჭირო იყო 31 ათას ლარიანი მიწისქვეშა ურნები, არ ყოფილა. მით უმეტეს მაშინ, როცა ახალა მიდის სტრატეგიის დაგეგემვა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ნარჩენების მართვა დედაქალაქში”,- აცხადებს თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე.

რატომ იჩქარა მერიამ და რატომ არ დაელოდა EBRD-ის დასკვნას, რომლის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, განსაზღვროს რა ტიპის და რა მოცულობის ურნები დაიდგას თბილისში, როგორ უნდა გადაადგილდებოდნენ ნაგავმზიდი მანქანები და ა.შ. რა მოხდება, თუ ჭავჭავაძეზე განხორციელებული 7-მილიონიანი საცდელი პროექტი არ გაამართლებს; ან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების კვლევასთან შესაბამისობაში არ მოვა? თბილისის მერის მოადგილე კვლევებს შორის შეუსაბამობას გამორიცხავს.

“რაც შეეხება მიწისქვეშა ნაგვის ურნებს, რომლებიც განთავსდება ჭავჭავაძეზე და შეკითხვას, რატომ არ დაველოდეთ EBRD-ის სტრატეგიას, ეს ერთმანეთთან არ მოდის წინააღმდეგობაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჭავჭავაძეზე ნაგვის ურნები იყო განთავსებული მიწის ზემოთ, ახლა იქნება განთავსებული მიწის ქვემოთ, და იქნება სამჯერ და ოთხჯერ დიდი მოცულობის”,- აცხადებს თბილისის მერია მოადგილე მაია ბითაძე.

როგორ დათვალა თბილისის მერიამ რა მოცულობის და რამდენი მიწისქვეშა კონტეინერი სჭირდებოდა? ამ კითხვით bm.ge-მ “თბილსერვის ჯგუფს” მიმართა. როგორც აღმოჩნდა, EBRD არც ამ პროცესში ყოფილა ჩართული.

“კონტეინერების მოცულობების, რაოდენობებისა და განთავსების ადგილების განსაზღვრა განხორციელდა მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და კომპანია სისტრას მონაწილეობით - კონკრეტულ ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის, გამწვანების, ნარჩენების წარმოქმნის მაჩვენებლების, ნარჩენების შეგროვების და გატანის სიხშირის გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის" გამოცდილებისა და პრაქტიკიდან გამომდინარე”,- აცხადებენ “თბილსერვის ჯგუფში”.

გარდა იმისა, რომ კითხვები არსებობს, გაამართლებს თუ არა პროექტი, ბუნდოვანებაა მიწისქვეშა ურნების ტენდერთან დაკავშირებითაც. თბილსერვისის მიერ პირველად გამოცხადებული შესყიდვა ჩაიშალა. შემდეგ კი მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება პირდაპირ გააფორმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა ტენდერში ამავე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა. პირველ ტენდერში “ჯითიმ” წარმოადგინა უფრო დაბალი ფასი და მერიაში ამბობენ, რომ სწორედ ამ კრიტერიუმით შეირჩა კომპანია. თბილსერვის ჯგუფში განმარტავენ, რომ პირდაპირი ხელშეკრულება ერთი მიზეზით გაფორმდა:

“აღნიშნული შესყიდვა ატარებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ვინაიდან, აუცილებელია მიწისქვეშა კონტეინერების მონტაჟი განხორციელდეს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, მას მერე, რაც დაგებული იქნება, როგორც გზის საფარი, ასევე ტროტუარი, შეუძლებელი გახდება კონტეინერების მონტაჟი”,- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

“სწორედ ამას ვეძახით შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით ხელშეკრულების გაფორმებას, სადაც კონკურენციის შემთხვევაში ყველაფერი მოწმდება - რამდენად შეესაბამება სატენდერო პირობებს, ხოლო გამარტივებული შესყიდვის დროს რაც ბიზნესს ხელთ გააჩნია და რისი შესაძლებლობაც აქვს, იმ პროდუქტზე ხდება ხელშეკრულების გაფორმება”,- აცხადებს იურიდიული ფირმა “ნიაური და კომპანიის” დირექტორი ბადრი ნიაური.

ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავებას თბილისის მერია აქტიურად შეუდგა. უკვე დაანონსებულია ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწესრიგება. შემდეგი ეტაპი კი ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს ადგილზე განთავსებაა. სპეციალისტებს რჩებათ იმედი, რომ მერია ამ პროექტს მაინც განახორციელებს ebrd-თან ერთად, რათა პროექტების ხარჯეფექტურობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშრებით კითხვები აღარ გაჩნდეს.

ავტორი:სალომე მეცხვარიშვილი

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ.

#news
Headline
Tbilisi · 7 months ago
10
Write a comment