"ჩემი სიმართლე ჩემი მტერია" - ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე

0
ნაზი შამანაურმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს წარჩინებით დაამთავრა. თავის სტატიებში ახალგაზრდა ჟურნალისტი დაუფარავად წერდა ქვეყანაში მიმდინარე მანკიერ მოვლენებზე და გაბედულად ამხელდა მაღალი თანამდებობის პირებს თვითნებობასა და უსამართლობაში. ნაზი შამანაურისთვის სამუდამოდ ჩაირაზა ყველა გაზეთისა და ჟურნალის, რადიოსა და ტელევიზორის კარი. თავის დღიურებში იგი წერდა "მაშ, რისთვის არსებობს უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი თუ ჟურნალისტი სიმართლეს არ მოემსახურება ბრძოლაში, რომელიც ხელს უშლის ჩვენს წინსვლას. არ უნდა ავუაროთ გვერდი გადამჭრელ პრობლემებს, მწვავე საკითხებს, არ უნდა მივჩქმალოთ სულიერ ცხოვრებაში არსებული ნაკლოავნებანი და სიძნელეები უნდა ვამხილოთ. 19821 წლის 14 აგვისტოს ვაჟაობაზე ჟურნალისტ ნაზი შამანაურს სიტყვით გამოსვლაზე უარი უთხრეს. მაგრამ ჟურნალისტი მაინც მივიდა ტრიბუნასთან და ჩვეული გამბედაობით ისაუბრა ქვეყნის პრობლემებზე, თანამდებობის პირთა უსამართლობაზე. თავის დღიურში ჟურნალისტი ამ დღეს ასე იხსენებს "1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობაზე ვიყავით მე და დედა. გადავწყვიტე სიტყვით გამოვსულიყავი და ვთხოვე ნებართვა რაიონის ხელმძღვანელს, რომელმაც სიტყვის უფლება არ მომცა და მისი მითითებით გაოგნებული საზოგადოების თვალწინ, დედა-შვილი მილიციის მანქანით გამოგვიყვანეს. ორი დღე დაგვტოვეს მილიციის საპატმროში... 16 აგვისტოს, ორშაბათს წამოგვიყვანეს თბილისში და დედა-შვილი მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისაგან არ გვეძინა მე-13 დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს, ედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე პირველ განყოფილებაში დამტოვეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, გამატიტვლეს ყველას თვალწინ, თმებით მათრიეს, 13 დღის ნაშიმშილევს შემიკრეს ზეწრით ხელ-ფეხი, მუცელში მცემდნენ, ცხვირზე ხელს მიჭერდნენ რომ პირი გამეღო.. შიგ სახეში მცემდნენ, ხითხითებდნენ, შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის ეს სურამის ციხედ იქცევა, ჟურნალისტი, გამოვიდა სიმართლის მაძიებელი" 1982 წლის 9 დეკემბრით დათარიღებულ დღიურში ნაზი შამანაური ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საკუთარ ყოფაზე წერდა: "რისთვის მტნჯავენ? მტკივა ნეკნები, თმის ძირები, 70 დღის შიმშილის შემდგომ ფილტვებს უჭირს სუნთქვა, სხეულს მოძრაობა, ჯდომა, წოლაც კი, საშინლად გავხდი. ვიტამინების ნაკლებობით თითები დამიწყლულდა, კანი ცარიელ ძვლებზეა გადაკრული, პირში მძაფრი აცეტონის სუნი მაქვს. დღე და ღამე ფიქრი, წამება, დამცირება, დამდაბლება, ისმის ყვირილი და ღრიანცელი, ტირილი, ცემა-ტყეპა. 70 დღეზე მეტია ამ ყოფაში ვართ. ეს სიცოცხლის ყოველდღიური კვლევაა. გაუსაძლისი ბოღმა მარწუხებვით მიჭერს, ფიქრის საშუალებაც არ მაქვს, დასიცხულ ფარასავით ტრიალებენ გარშემო ადამიანები". ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნაზი შამანაურმა 70 დღე იშიმშილა. 1983 წლის 20 იანვარს საავადმყოფოს პერსონალის მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ჟურნალისტი უგონო მდგომარეობაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას დუშეთში მხოლოდ 70-მდე ადამიანი ესწრებოდა. უმრავლესობა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდები იყვნენ, რადგან ადგილობრივი ხელმძღვანელობის შიშით ბევრმა ვერ გაბედა დაკრძალვაზე მისვლა.
0