0
ერთ წელიწადში წვრილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტი 131, 9 %-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს 155 200 სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წელს კი - 66 917 ერთეულის. ამასთან, ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები იყვნენ: საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი, ქუვეითი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა არის გაორმაგებული ექსპორტის მიზეზი და ამასთან, თუ მზარდი სტატისტიკა შენარჩუნდა, აისახება თუ არა ეს ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ხორცის ფასზე. როგორც მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ამბობს, ამის მიზეზია ის, რომ 2018 წელს უფრო მეტად ცხვრის ხორცი გადიოდა, 2019 წელს კი ცოცხალი საქონელი. „ბოლო პერიოდში შემცირდა ხორცის ექსპორტი. 2018 წელს ძირითადად გადიოდა ხორცად, 2019 კი - ცოცხალი. ამის მიზეზია ის, რომ არაბებმა უფრო მეტი ფასი გადაიხადეს იმ პერიოდში, ვიდრე ირანელებმა. ჩვენთან ცოცხალზე უფრო მეტად არაბული ქვეყნებიდან არის მოთხოვნა, კერძოდ, დუბაიდან, ბაჰრეინიდან, ყატარიდან და ა.შ. რამადანის დღესასწაულის პერიოდში, გაჰყავთ და იქ ადგილზე კლავენ. თორემ, ირანელები ნებისმიერ დროს კლავენ და ხორცის სახით მიაქვთ“, -ამბობს ბექა გონაშვილი. კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში წვრილფეხა საქონლის ექსპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, ადგილობრივ ბაზარზე გამოიწვევს თუ არა ეს ხორცის ფასის გაზრდას, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, კი. „სიმართლე გითხრათ, ქართული ცხვრის ხორცი ამაზე მეტად როგორღა უნდა გაძვირდეს, არ ვიცი. თუმცა, რაც უფრო შემცირდება ადგილობრივ ბაზარზე ცოცხალი წვრილფეხა საქონლის რაოდნეობა, მით უფრო მოიმატებს ღირებულებაც“, - ამბობს ბექა გონაშვილი. ავტორი: ნინი ქეთელაური P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
#business
0