0
საბანკო სექტორიდან პირდაპირ პოლიტიკაში. ხაზარაძის ბიოგრაფიული ბრიფი. მამუკა ხაზარაძის ბიზნეს საქმიანობა 1992 წლიდან იწყება, მაშინ, როდესაც ის ბადრი ჯაფარიძესთან ერთად „თიბისი ბანკი“-ს აარსებს. სამოქალაქო ომის პირობებში, ხაზარაძე ახერხებს და 500$-ად დაწყებული ბიზნესით უზარმაზარ წარმატებას აღწევს. 2019 წლის 8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. პროკურატურის განმარტებით, "თიბისი ბანკი"-ის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებელი და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მის მოადგილესთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ფიგურირებდა. გენერალური პროკურატურა ბიზნესმენებს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას დღემდე ედავება. ბრალდების გაჟღერებიდან მალევე თანმდებობას ორივე დამფუძნებელი ტოვებს, რასაც წინ უძღვის იგივე საკითხთან დაკავშირებით "საქართველოს ბანკი"-ის მოწოდება. ასევე, ცნობილი ხდება, რომ იგივე პერიოდში და შემდგომ, თიბისი ბანკი მომხმარელებს 500-600%-იან ჯარიმ/ საურავებს აკისრებდა. ბოლო გახმაურებული ამბავი, რაც ხაზარაძის სახელს აქტიურად დაუკავშირდა, ეს ანაკლიის პორტი და მასთან დაკავშირებული საკითხებია. არსებობს მოსაზრება რომ სწორედ ამ უკანასკნელმა გამოიწვია გავლენიანი პირების მხრიდან ხაზარაძის მიმართ გარკვეული სახის უკმაყოფილება. აღნიშნულის შემდეგ იწყება მასიური ანტიპიარ კამპანია ხაზარაძის დისკრედიტაციისთვის. Facebook ტროლებმა და სახელისუფლებო გვერდებმა ხაზარაძეს ფაქტობრივად ყველა უწინდელი ცოდვა გაუხსენეს, ბევრიც თავად დაამატეს და საბოლოოდ, დღევანდელი საბანკო სექტორის ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენლის ისედაც გასვრილი სახელი, კიდევ უფრო მეტად აატალახეს. 2020 წლის 9 იანვარს მთავრობამ გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება უწყდება. ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კონსორციუმმა ვერ შეასრულა 2016 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 2016 წლიდან მოყოლებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით, ხელშეკრულებებში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პროექტის დაწყებიდან, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო 7-ჯერ გადაუვადა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მაშინ როდესაც უკვე 75 მილიონი დოლარი დახარჯულია, აღნიშნული ბრალდებები ყოვლად უსაფუძვლოა. ამ ეტაპზე ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერებულია. ახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ვინ მოიპოვებს უფლებას, რომ პროექტის მშენებლობას ჩაუდგეს სათავეში. მამუკა ხაზარაძე ბიზნეს საქმიანობის პარალელურად პოლიტიკაშიც ჩაერთო. 2019 წელს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დაარსა. სხვადასხვა ბრალდების მიუხედავად, დღეს მამუკა ხაზარაძე თავის პარტნიორ, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, 2020 წლის არჩევნებისთვის აქტიურ სამზადისშია და როგორც თავად ამბობს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ შედეგს უმიზნებს.
#თბილისი
#თიბისი
#მამუკა
#ხაზარაძე
#ბადრი
#ჯაფარიძე
#ბიზნესი
#საბანკო
#სექტორი
#პოლიტიკა
#tbilisidaily
#opinion
0