0
აფხაზეთი - სამოთხე დედამიწაზე. არსებობს თუ არა დედამიწაზე ისეთი ადგილი, რომელიც ისეთ მოგონებას და წუხილს იწვევს, როგორც აფხაზეთი, ჩემთვის უცნობია. თუ თქვენი თვალით არ გინახავთ, გადმოცემით ან მშობლების მონაყოლით გეცოდინებათ თუ როგორი ლამაზი და შეუდარებელია იგი. აფხაზეთი ულამაზესი ლანდშაფტით, მშვენიერი ჰავით, წყალუხვობით და ლურჯი ზღვისპირეთით, ეს ნამდვილი ცდუნებაა. ჩემთვის სამშობლოს სიყვარული ჩემი კუთხის გადასახედიდან იწყება. ყოველდღიურად მეფიქრება ჩემი კუთხის წარსულსა თუ მომავალზე. მასზე ვდარდობ, ვზრუნავ და ვეფერები. აფხაზეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია, ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს. გაზახულ- ზაფხულის პერიოდი შეუდარებელია, როცა წყლისგან გაჟღენთილი მცენარეები იკვირტება, სითბო და ნათელი ფერები არემარეს ედება, ზღვის სურნელი, თოლიები, ჩიტების გაუთავებელი ჭიკჭიკი, სიოს ნაზი იავნანა, რომელიც სრულ ჰარმონიას ჰქმნის. შემოდგომაზე კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ყვითლად იმოსება არემარე და ხმელი ფოთლის სურნელი კი ირგვლივ ტრიალებს. ზამთარიც ულამაზესია, მაგრამ ზამთარი ერთ დროს სიცოცხლით სავსეს უფრო აციებს, ჩუმად, უხმოდ მდგარ სახლებს. 27 წელი დიდი დროა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აფხაზეთი ისევ ისეთ ტკივილად რჩება, განსაკუთრებით უფროსი თაობისთვის. სწორედ მათ გამოიარეს ყველაზე რთული გზა. ადამიანები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, თავიანთი მიწა-წყალი და ზოგადად ადგილი, რომელიც მათთვის ყველაზე სათუთი, ლამაზი, ზღაპრული და ღვთის საჩუქარი იყო. დღეს აფხაზეთი ეკონომიურად არ ვითარდება და მიუხედავად მისი წარმტაცი სილამაზისა, ეს უკანასკნელი დაეტყო კიდეც. ომის შემდეგ აქ ტურისტების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული. განათლების მხრივ კი თითქმის დაკარგულია მშობლიური ენა. მწარედ მახსოვს როგორ გვიკრძალავდნენ მშობლიური ისტორიის სწავლას, როგორ გვიკრძალავდნენ "მრავალჟამიერს", კიდევ მრავალი. ჩვენმა თაობამ და მომავალმა თაობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი დაბრუნებისთვის, მაგრამ აქ საჭიროა ორივე მხარემ გამოთქვას სურვილი. ვფიქრობ, ყველაზე კარგი გამოსავალი არის სითბო, სიყვარული და მეგობრობა. აი, რას შევთავაზებ ჩემს აფხაზ თანატოლებს და არა მარტო მათ. არ ვიცი როგორ ვთქვა, მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს, სითბოთი და სიყვარულით შეგვიძლია ყოველგვარ ბოროტებას და ზიზღს ვაჯობოთ. სამშობლოს, მშობლიური ხალხისა და კუთხის სიყვარული იმდენად დიდი და ჯანსაღი გრძნობაა, რომელსაც ვერც ერთი მოკვდავი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ჩემთვის აფხაზეთი სამოთხეა დედამიწაზე, აფხაზეთი ღვთის საჩუქარია. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთად დგომით შევარიგებთ ორ პაწაწინა და მოსიყვარულე ერს: აფხაზებს და ქართველებს. დროა მოვინანიოთ ის მოსანანიებელი, რომელიც ორივე მხარეს გვაქვს. უნდა ვუთხრათ და გავაგონოთ, რომ აფხაზები და აფხაზეთი ჩვენია, ქართველები და საქართველო თქვენი! დიახ, რომ აფხაზეთი საქართველოა და ის ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე!
#აფხაზეთი
#სოხუმი
#საქართველო
#ომი
#ქართველები
#აფხაზები
#ძმობა
#ერთობა
#ტკივილი
#ბუნება
#მსოფლიო
#sokhumidaily
0