0
"ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით საქართველომ შესაძლოა, დაახლოებით 70 მილიონ აშშ დოლარს დაკარგოს", - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია წერს. „ბიზნესპრესნიუსი“ ჭარაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას უკვე ირანიდან ფრენების აკრძალვა მოჰყვა. თუ ვირუსი უახლოეს თვეებში კონტროლს არ დაექვემდებარა შესაძლოა, გაიზარდოს ჩაკეტილი ქვეყნების და შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის მოცულობაც. კერძოდ, მომდევნო მაგალითად 4 თვეში თუ საკითხი არ დასტაბილურდა: - მხოლოდ ჩინეთიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვით, წინა წლის ანალოგს თუ დავეყრდნობით (პოტენციური ზრდის დინამიკის გარეშე), შესაძლოა, დავკარგოთ დაახლოებით 13-14 ათასი ვიზიტორი, რაც ფინანსურ გამოსახულებაში თითო ჩინელი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული 2 253 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 მილიონს უდრის. - იგივე პირობით ირანთან მიმართებაში საქართველომ მომდევნო 4 თვის განამავლობაში მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით შესაძლოა, 26-27 ათაში ვიზიტორი დაკარგოს, რაც ამ კატეგორიის ვიზიტორების საშუალო ხარჯის 2 715 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დამატებით დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის დანაკლის ნიშნავს. ჯამში, მხოლოდ ჩინეთის და ირანის, მხოლოდ 4 თვის და მხოლოდ საჰაერო გზით დაბლოკვის შემთხვევაში, საქართველო ტურიზმიდან ვერ მიიღებს მოსალოდნელ 100 მილიონ აშშ დოლარს. ერთი შეხედვით ეს 100 მილიონი არც ისე ბევრია, თუმცა თუ 4 თვის შემოსავლებთან მიმართებაში შევხედავთ წინა წლის ანალოგების გამოყენებით, ტურიზმის სექტორში ეს შემოსავლების დაახლოებით 10%-იან კლებას ნიშნავს, მთლიანად ეკონომიკისთვის კი ტვირთი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაბალია. სამწუხაროდ, ეს არის ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის.იმედს ვიტოვებ ამ სიას არ შეემატება იტალიაც, სადაც ვირუსი ბოლოს დროს შედარებით გააქტიურდა ან/და ირანის და საქართველოს რომელიმე საზიარო მეზობელი ქვეყანაც... ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო ფრენების შეზღუდვაც რისკ მთლიანად არ აგვარებს, მოკლედ საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ“, - წერს ჭარაია. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
#business
0