33 სტუდენტთან ერთად გაუჩინარებული ლექტორის ფსიქოპორტრეტი.
1994 წლის ზაფხულში თბილისი უჩვეულო ამბავმა მოიცვა. ტექნიკური უნივერსიტეტის რელიგიის ლექტორმა, რეზო ბაქრაძემ და მისმა 33-მა სტუდენტმა მოულოდნელად საქართველო დატოვეს და უკან აღარ დაბრუნებულან. საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა. არავინ იცოდა ეს გატაცება იყო თუ უბრალოდ ახალგაზრდების კეთილი ნება. სტუდენტთა მშობლები ამტკიცებდნენ, რომ ბაქრაძემ ჰიპნოზური შთაგონების მეთოდები გამოიყენა და მსგავსი ფსიქოლოგიური მანიპულაციებით მოახერხა მათი შვილების ქვეყნიდან გაყვანა. ამ ამბის შემდგომ 26 წელი გავიდა, ისტორია კვლავაც ბურუსითაა მოცული, რეზო ბაქრაძის მისტიკური ფსიქოტიპი კი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
როგორც ცნობილია, ბაქრაძე და მისი სტუდენტები 5 წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კანადაში გადავიდნენ, ამჟამად კი ტორონტოში იმყოფებიან. კანადაში გადასვლის შემდეგ თითოეულმა მათგანმა შეიცვალა სოციალური სტატუსი და გვარ-სახელი. რეზო ბაქრაძე თეოფილე მალაქია გახდა. მან საკუთარი პლატფორმა „გზა ქრისტესკენ“ შექმნა და ქადაგებას შეუდგა. გაუჩინარების პირველ წლებში სტუდენტები ოჯახებში იშვიათად რეკავდნენ, შემდგომ კი საერთოდ შეწყვიტეს კონტაქტი და მშობლებსაც მათ შესახებ არავითარი ცნობა აღარ მიუღიათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან წასულ 33 სტუდენტს შორის 11 გოგონა იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ქალი თეოფილე მალაქიას ცოლი გახდა და მისგან შვილებიც გაუჩნდათ.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, თეოფილე მალაქაიამ შექნა სექტა, რომელშიც სტუდენტებიც გააერთიანა. კონკრეტულად რას ქადაგებს ეს სექტა, უცნობია. ამბობენ, რომ ბაქრაძეს ზემოქმედების საოცარი უნარი აქვს, ფლობს ჰიპნოზის ტექნიკას და შეუძლია ადამიანთა ნება-სურვილების მართვა. მისი ერთ-ერთი სტუდენტი იხსენებს:
"ღმერთი გწამს? - მკითხა ბაქრაძემ.
კი, მწამს-მეთქი, – ვუპასუხე.
თუ გწამს, გამოაღე ფანჯარა და გადახტი, ანგელოზები დაგიჭერენ.
დავიბენი, ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი.
არ გეხუმრები, გადახტი და ანგელოზები დაგიჭერენო.
ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ხუთი წუთის განმავლობაში ერთსა და იმავეს მიმეორებდა. იცით, რა მოხდა? სურვილი გამიჩნდა, გადავმხტარიყავი და დარწმუნებული ვიყავი, არაფერი მომივიდოდა.”
თავდაპირველად რეზო ბაქრაძემ სტუდენტები თურქეთში გადაიყვანა, რაშიც მას ერთ-ერთი სტუდენტი, დალი ყარაულაშვილი დაეხმარა. სწორედ მასთან ცხოვრობდნენ ბაქრაძე და მისი სტუდენტები. დალი ყარაულაშვილი მოგვიანებით ამ თემაზე ხმამაღლა ალაპარაკდა და გაასაჯაროვა ბურუსით მოცული ამბის სკანდალური დეტალები. მისი ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი რელიგია შექმნა და სტუდენტებს საკუთარი წესებით აცხოვრებდა. ქალი იმასაც იხსენებს, რომ თურქეთში ცხოვრების პერიოდში რეზო ბაქრაძე სტუდენტებს ძალიან ცუდად ექცეოდა და ვინც არ ემორჩილებოდა ფიზიკურადაც უსწორდებოდა. 10-მდე სტუდენტმა ასეთ პირობებში ცხოვრებას ვერ გაუძლო და ლექტორს გაექცა.
ის, ვისაც რეზო ბაქრაძესთან შეხება ჰქონიათ, იხსენებენ რომ ის ძალიან ერუდირებული, განათლებული და კლიშეებისგან თავისუფალი ადამიანი იყო. თურმე მის ლექციაზე დასასწრებად სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოდიოდნენ, თითოეულ მათგანს კი აზრის გამოთქმის სრული თავისუფლება ეძლეოდა. ბაქრაძე ისეთ ტაბუდადებულ თემებზე მართავდა ლექციებს, რომლებზედაც საბჭოთა პერიოდში არათუ ხმამაღლა, ჩუმადაც კი არავინ საუბრობდა: ლაპარაკობდა მრავალცოლიანობის უპირატესობებზე, თავისუფალი სექსისკენ მოუწოდებდა სტუდენტებს, არ უყვარდა ილია ჭავჭავაძე და ქართული ენა, გმობდა ყოველივე ეროვნულს და მიაჩნდა, რომ საქართველოში ცხოვრება შეუძლებელი იყო.
გასულ წელს , , პრაიმტაიმს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა თეოფილე მალაქიას ერთ-ერთმა სტუდენტმა, გოჩა ჩაჩანიძემ, რომელიც საქართველოდან წასვლამდე ჯონი ბაკურაძის სახელს ატარებდა. ის 25 წლის შემდგომ ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც დუმილი დაარღვია და რეზო ბაქრაძის (თეოფილე მალაქიას) პერსონაზე ალაპარაკდა. გოჩა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ სტუდენტები არავის გაუტაცია და ისინი თავიანთი კეთილი ნებით, ინდივიდუალური გადაწყვეტილებით გაჰყვნენ რეზო ბაქრაძეს. ჩაჩანიძის თქმით, მითები რეზო ბაქრაძის მიერ სექტის ჩამოყალიბებისა და მონათმფლობელობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნავს, რომ ბაქრაძე თითოეულ გოგონას უყურებდა, როგორც შვილს და დღემდე ასე გრძელდება.
„რეზო ბაქრაძე ყველაზე მაღალი მორალის მქონე ადამიანია, ვისაც კი შევხვედრივარ. სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა მივაღწიო, ჩემთვის ის ძალიან წესიერ, საყვარელ და განათლებულ მეგობრად დარჩება.” - ამბობს გოჩა ჩაჩანიძე.
ცნობილი ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია რამდენიმე წლის წინ კანადაში ქართველი ახალგაზრდების უცნაური გადაყვანის თემაზე მუშაობდა. მის მიერ მომზადებულ ფილმს კანადიდან გამოხმაურებაც კი მოჰყვა. იქ წასული ახალგაზრდები თავგამოდებით იცავდნენ რეზო ბაქრაძეს და მათ სულიერ მამად მოიხსენიებდნენ. შარაშიას ცნობით, ყველა, ვინც მალაქიამ ტორონტოში წაიყვანა ერუდირებული, დასაქმებული და წარმატებულია. ირკვევა, რომ სტუდენტებს აქვთ საერთო ყულაბაც, რომელსაც სწორედ თეოფილე მალაქაია განკარგავს. დღესდღეობით, ბაქრაძეს youtube-ზე საკუთარი არხიც აქვს, სადაც ლექციების აუდიომასალებს ათავსებს, მისი პასუხისგებაში მიცემა კი ვერ ხერხდება, ვინაიდან ბაქრაძეს არც ერთი სტუდენტი არ უჩივის.
#რეზობაქრაძე
#თეოფილემალაქია
#სექტა
#სტუდენტები
#ტექნიკურიუნივერსიტეტი
#კანადა
#ტორონტო
#tbilisidaily