0
საქართველოში ტექნიკის ბაზარზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად ქვეყანაში დაახლოებით 140 000-ზე მეტი ტელევიზორი, 100 000-ზე მეტი გაზქურა, 100 000-ზე მეტი სარეცხი მანქანა და 50 000-ზე მეტი მაცივარი იყიდება. მსხვილი საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ყველაზე ნაკლებ პოპულარობით ჭურჭლის სარეცხი მანქანა სარგებლობს, მისი იმპორტი სარეცხი მანქანის იმპორტთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია მსხვილი საოჯახო ტექნიკის ბაზარზე მოთამაშე უმსხვილესი რიტეილერების ფინანსური მდგომარეობა. „ელიტ ელექტრონიქსი“ „ელიტ ელექტრონიქსი“ წარმოადგენს საქართველოს სამომხმარებლო ელქტროსაქონლის ბაზარზე უმსხვილეს საცალო სავაჭრო ქსელს. კომპანიის აქციონერები არიან: შპს ბრიმაგ დიჯითალ ეიჯ -51% (ისრაელი); შპს სი5 ინთეგრეიშენ - 49% (ისრაელი). 2018 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის მონაცემი ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „ელიტ ელექტრონიქსი“ არის პირველი კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება. ამავე ანგარიშის მიხედვით, „ელიტ ელექტრონიქსის“ 2018 წლის ამონაგები ჯამში 179 713 000 ლარს შეადგენდა, აქედან საიჯარო შემოსავალი იყო 208 000 ლარი, მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი - 544 000 ლარი. ანგარიშგების მიხედვით, გაყიდული საქონლის თვითღირებულება - შეადგენდა 141, 131 000 ლარს. 2018 წელი „ელიტ ელექტრონიქსმა“ 5, 720 000 ლარის სუფთა მოგებით დაასრულა. კომპანიის ხარჯებმა 30 537 000 ლარი შეადგინა. „ბეკო“ - (შპს „ტექნოჰაუსი“) შპს „ტექნოჰაუსი“, დაარსდა 2009 წლის 23 აპრილს. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია (100% წილის მფლობელი) იუსუფ ბაშარი. კომპანიის დირექტორია მეჰმედ მელექი. „ტექნოჰაუსი“ წარმოადგენს მსოფლიო ბრენდების „ბეკოს“, „ბლომბერგის“ და ა.შ. ბრენდების ტექნიკის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია აწარმოებს როგორც საცალო, ასევე სადილერო, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვას, აგრეთვე პროდუქცია ექსპორტზე გააქვს ყირგიზეთსა და სომხეთში. 2018 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „ტექნოჰაუსი“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს. ამავე ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 37 024 695 ლარი, აქედან შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან იყო 32 227 620 ლარი, შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან ექსპორტი - 5 041 911 ლარი. ამასთან გაყიდული საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 27 763 199 ლარი. მთლიანი მოგება იყო 9 261 496 ლარი, წმინდა მოგებამ კი 2 658 805 ლარი შეადგინა. რაც შეეხება გასავალს, 2018 წელს „ტექნოჰაუსის“ ადმინისტრაციულმა და სხვა საოპერაციო ხარჯებმა 4 882 821 ლარი შეადგინა. „ტექნობუმი“ შპს ტექნო ბუმი დაფუძნებულია 2009 წელს, მისი 100%-იანი წილის მფლობელია ემზარ (ანზორ) ქოქოლაძე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია. 2018 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „ტექნობუმი“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს. აღსანიშნავია, რომ 2018 წელი კომპანიამ ზარალით დაასრულა. „ტექნობუმის“ ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, მან 2018 წელი - 7 887 603 ლარის ზარალით დაასრულა. რაც შეეხება მთლიან შემოსავალს, ის იყო 24 139 252 ლარი, ამონაგები - 23 348 700 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი 18 991 549 ლარს შეადგენდა. „მეტრომარტი“ ზარალით დაასრულა 2018 წელი მსხვილი საოჯახო ტექნიკის რითეილერმა „მეტრომარტმაც“. კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, ზარალის მოცულობამ 1 157 038 ლარი შეადგინა. „2018 წელს გასულ 2017 წელთან შედარებით საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია 4%–თ გაიზარდა, მაგრამ ამის საპირისპიროდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე მიწოდებისა და საერთო ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ კომპანიამ 2018 წელი ზარალით დაასრულა“, - აღნიშნულია კომპანიის ანგარიშგებაში. რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება: შემოსავალი - 40 772 609 ლარი; გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება - 34 218 067 ლარი; საერთო მოგება - 6 554 542 ლარი; სრული ხარჯი - 6, 549, 994 ლარი. შპს ”მეტრომარტი“ 2012 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ელექტრონული მოწყობილობების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია. 2019 წლის ამონაწერით კომპანიის 50%-ს ფლობს შპს „ალტა“, 16.67%-ს ნინო ფირცხალავა; 33, 33%-ს ანუშ ოგანისიანი, სომხეთი. 2018 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „მეტრომარტი“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს. „ვესტელი“ (მატექს ჯორჯია) კომპანია „მატექს ჯორჯია“ 20 წელიწადზე მეტია ქართულ ბაზარზეა. კომპანიის 50%-50% ფლობენ ჯენგიზ და ჰუსეინ მათარაჯები, კომპანიის დირექტორები არიან ჯენგიზ მათარაჯი და ჰალილ სემიზ. კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 700 ლარს. კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „მატექს ჯორჯია“ (ვესტელი) არის მესამე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ვესტელის“ საქონლის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 12 111 533 ლარი შეადგინა, მომსახურების გაწევიდან - 143 111 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება იყო 10 604 055 ლარი. 2018 წელი „ვესტელმაც“ 165 267 ლარის ზარალით დაასრულა. ავტორი: ელზა წიკლაური P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
#business
0