0
ვის ინტერესშია რკინიგზის პრივატიზება? საქართველოს რკინიგზა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი და ეკონომიკური აქტივია, რომლის გაყიდვაზეც რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ალაპარაკდა. მაჭავარიანმა კონფერენციაზე – , , საქართველო და მსოფლიო 2020 წელს” განაცხადა, რომ მთავრობამ რკინიგზის პრივატიზების მიმართულებით უნდა იფიქროს. ფინანსთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა სფეროს ექსპერტებსა და პოლიტიკურ სპექტრში. მთავრობის ოპონენტები რკინიგზის პრივატიზებასთან დაკავშირებით კონკეტულ საფრთხეებს ხედავენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პირადი გარემოცვა სახელმწიფო საკუთრებას წლებია მიზანმიმართულად აკოტრებენ და რუსეთისთვის მისაყიდად ამზადებენ. ამის დასტურად, ოპოზიციას ბოლო წლებში რკინიგზის უდიდესი ზარალი მოჰყავს. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს რკინიგზას ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი შეიძენს. ეკონომიკური სფეროს ექსპერტებიც თვლიან, რომ საქართველოს რკინიგზის პრივატიზება ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა და ეს საქართველოში რუსული კომპანიის შემოსვლის რისკს ზრდის. მართლაც, ჰიბრიდულ ომში რუსული რბილი ძალისთვის ეკონომიკური ინსტრუმენტის ხელში ჩაგდება მნიშვნელოვანი ბერკეტად იქცევა და გააჩენს სატრანსპორტო მარყუჟის შემოვლების საშიშროებას. თავის მხრივ, მთავრობის წევრები იდეას რეფორმას უწოდებენ და ევროდირექტივას მიაწერენ. საკითხს გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ხელი უნდა შეეწყოს ქვეყანაში კერძო ინვესტიციის შემოსვლას. შეგახსენებთ, რომ ვანო მაჭავარიანი პირველი მინისტრი არ არის, ვინც რკინიგზის პრივატიზაციაზე ალაპარაკდა. 2012 წელს რკინიგზის 25 პროცენტის გაყიდვას გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, 2015 წელს რკინიგზის გასხვისებაზე საუბრობდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც. მოგვიანებით Bloomberg-თან ინტერიუში ამავე უწყებაში კერძო ოპერატორის დაშვებაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამაც. რკინიგზის კერძო სექტორის ხელში გადასვლა დღესაც აქტუალური საკითხია, როგორ გადაწყდება საკითხი, ჯერჯერობით უცნობია.
#რკინიგზა
#პრივატიზება
#მაჭავარიანი
#კერძოსექტორი
#tbilisidaily
0