0
ომბუდსმენი ნგრევადი შენობებიდან დევნილთა გასახლებას მოითხოვს სახალხო დამცველი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სიცოცხლილისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ე.წ. ნგრევადი შენობებიდან ადამიანების გასახლებისკენ მოუწოდებს. ხოლო გასანაწილებელი ბინების არარსებობის შემთხვევაში, ნინო ლომჯარია გრძელვადიან გასახლებამდე ავარიულ შენობებში მცხოვრები დევნილი პირების ქირით უზრუნველყოფას მოითხოვს. ამის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარია ასევე მწუხარებას გამოთქვამს წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობაში მცხოვრები 60 წლამდე დევნილი მამაკაცის გარდაცვალების გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გეოლოგის“ ყოფილი შენობის დგომარეობის გამო, სახელმწიფოს მამაკაცის ახალი ბინით გრძელვადიანად უზრუნველყოფა ქულათა სისტემის გარეშე უნდა განეხორციელებინა. „დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმებით მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები, რა დროსაც შესაძლებელია პრიორიტეტულად განსახლება - ქულათა სისტემის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობა ნგრევადია, სახელმწიფომ მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში ძალიან ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით 133 ნგრევად ობიექტში 3 191 ოჯახია რეგისტრირებული“ - წერია განცხადებაში.
#news
#politics
0