პოლიტპატიმრები - დასჯილი დამნაშავეები თუ გარემოებათა მსხვერპლნი?

0
პოლიტპატიმრები - დასჯილი დამნაშავეები თუ გარემოებათა მსხვერპლნი? , , ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება” - ეს მატროსოვის ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილის პირველი გზავნილია ქართული საზოგადოებისადმი. ჩნდება კითხვა - ვინ არიან ეს პოლიტპატიმრები? დასჯილი დამნაშავეები თუ გარემოებათა მსხვერპლნი? აღსანიშნავია, რომ თავად ვანო მერაბიშვილთან მიმართებით პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრა მუდამ მსჯელობის საგანს წარმოადგენდა. ოპოზიციური სპექტრი დღემდე აპელირებს მერაბიშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნასა და გასამართლებაზე. თავის დროზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ მართალია ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა „ნაციონალურ მოძრაობასა” და , , ქართულ ოცნებას” შორის მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე“ მიესაჯა, თუმცა არ არსებობს საკმარისი არგუმენტები იმის საჩვენებლად, რომ დაპატიმრების მთავარი მიზანი ქართული პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება და არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი წარმოების სათანადო განხორციელება იყო. ამგვარად, შეიძლება ითქვას, ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მხოლოდ საკუთარი თანაგუნდელები და თანამოაზრეები მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერისთვის რაიმე დანაშაულში ბრალის წაყენება ნებისმიერ შემთხვევაში მის პოლიტიკურ დევნას არ ნიშნავს. კანონის დარღვევისას ნებისმიერმა პირმა უნდა აგოს პასუხი, ხელისუფლების ოპონენტის დაკავება კი შესაძლოა საერთოდ არ უკავშირდებოდეს პოლიტიკურ სარჩულს. თუმცა, თუ საქმის წარმოება მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს და პირს არაადეკვატურ სასჯელს უსჯიან, მაშინ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივები არსებობს. პოლიტპატიმარში არ მოიაზრება მხოლოდ ის პოლიტიკური პერსონა, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია. ამ სტატუსის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტექსტის გააზრებაც, თუ როდის, რა გარემოებებში მოხდა პირის დაკავება, რა მოვლენები უძღოდა თავისუფლების აღკვეთას წინ, ვის ინტერესებში შედიოდა ამა თუ იმ პერსონის პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება და ა.შ ასევე, მნიშვნელოვანია საკითხია რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს და კონკრეტულად იმ მოსამართლის მიმართ, ვინც საქმეს განიხილავს. მაგალითად, გიგი უგულავას შემთხვევაში სამართლებრივ მდგენელთან ერთად გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტიც. უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მისი საქმე კი მოსამართლე შალვა თადუმაძემ განიხილა, რომელიც ამ საქმის თავდაპირველი მიმდინარეობისას გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა და თავად იყო უგულავას ბრალმდებელი. აქედან გამომდინარე გაჩნდა ობიექტური ეჭვი, რომ თადუმაძე ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი მსაჯული. აღსანიშნავია, რომ უგულავას დაკავებას წინ უძღოდა პოლიტიკური კონტექსტიც - წინასაარჩევნო პერიოდი და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ევროპარლამენტარებშიც გააჩინა კითხვები პროცედურასთან, მის დროულობასა და მოტივაციასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, უგულავას დაკავება კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას საქართველოში შექმნილ ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში. ოპოზიციურ სპექტრში პოლიტპატიმრად მიიჩნევენ ირაკლი ოქრუაშვილსაც. იგი 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დააკავეს და ბრალი 225-ე მუხლით წაუყენეს, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. მმართველი გუნდის ოპონენტებმა ოქრუაშვილის დაკავებაში პოლიტიკური მოტივების ძებნა დაიწყეს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა ჰქონდათ, რაც კანონის წინაშე არავის არ უნდა ეპატიოს. პოლიტიკური ინტერესების შესახებ ეჭვს აჩენს სასამართლო პროცესების გაჭიანურება, დაინტერესებული მოწმეების არსებობა და დისკრიმინაციული მიდგომებიც. ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრად ასახელებს გიორგი რურუასაც, ასევე, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულ აქტივისტებს - ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ცოტნე სოსელიას. ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ დღეს ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, ნიკა გვარამიას და ა.შ აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნოდ ამ ადამიანების წინააღმდეგ აღძრული საქმეები სწორედ პოლიტიკურად აქტიური ფიგურების გენეიტრალებასა და დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამაზე აქტიურად მიანიშნებენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც. ასეა თუ ისე, პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის და იგი არ იძლევა ხელშეუხებლობის გარანტიას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და სწორედ ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებობდეს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება, რომელსაც ნდობის მაღალი ხარისხი ექნება.
#თბილისი
#საქართველო
#ვანო
#მერაბიშვილი
#გიგი
#უგულავა
#შალვა
#თადუმაძე
#ირაკლი
#ოქრუაშვილი
#გიორგი
#რურუა
#პოლიტპატიმრები
#tbilisidaily
0