მოდის ინდუსტრია, მისი გავლენა წარმოუდგენელია მოდის ფოტოგრაფიის გარეშე. მოდის ფოტოგრაფია განსაკუთრებული ესთეტიკით გამოირჩევა, თუმცა, ფოტოხელოვანისათვის აქვე ჩნდება საფრთხე, რომ მოდის სტანდარტების ჩარჩოები მას ხელოვნებიდან სარეკლამო ინდუსტრიის შემადგენელ ნაწილად აქცევს. შესაძლოა ეს ერთი შეხედვით ლოგიკურიც იყოს - მაშინ, როცა უმთავრესი ვიზუალია, შინაარსი შესაძლოა დაიკარგოს. მიუხედავად ამისა, მოდის ინდუსტრიის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, გვახსოვს ფოტოგრაფები, რომლებმაც ყველა სტერეოტიპი დაანგრიეს, ამ სფეროს საკუთარი თამაშის წესები შესთავაზეს და აღიარებაც მოიპოვეს.
ჰერბ რიცი, 1989 წელი
ჰერბ რიცი ცნობილია კონტრასტული შავ-თეთრი ფოტოებით, რომლებიც აქცენტს სხეულსა და სახეზე აკეთებს. მას შემდეგ, რაც 1981 წელს მან ELLE-სათვის ბრუკ შილდსი გადაიღო, ფოტოგრაფი არაერთმა ჟურნალმა და ბრენდმა მიიწვია თანამშრომლობისათვის. მრავალ ცნობილ ნამუშევარს შორის, ეს მის ყველაზე საკულტო ფოტოდ მიიჩნევა. ფოტო 1989 წელს მუსიკალურ ჟურნალ Rolling Stone-ში გამოქვეყნდა.
პაოლო როვერსი, 1992 წელი
პაოლო რივერსის პირველი ფოტოები Marie Claire-ის გვერდებზე გამოჩნდა. ეს ფოტო ლეგენდარული ჟან პოლ გოტიეს საკულტო კოლექციის - “Barbès”-სათვის არის გადღებული და 1992 წლით თარიღდება.
არტურ ელგორტი, 1995 წელი
ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა არტურ ელგორტმა თავისი ნამუშევრებით მოდის ფოტოგრაფიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ის ქმნიდა ნამუშევრებს, რომლებშიც მოდელებისათვის არ არსებობდა უწინდელი ჩარჩოები. ფოტოსათვის მათ შეეძლოთ ეცეკვათ მაგიდაზე, მოეწიათ სიგარეტი ან თავით გადაშვებულიყვნენ აუზში - ისე, როგორც ამას მოდელი სტელა ტენანტი აკეთებს Vogue-ის 1995 წლის ედითორიალისათვის.
ჰელმუტ ნიუტონი, 1995 წელი
King of Kink- ასე მოიხსენიებდნენ ჰელმუტ ნიუტონს, რომელმაც უამრავი საკულტო კადრი შექმნა. ნიუტონის ედიტორიალი, რომელიც 1995 წელს Vogue-ში გამოქვეყნდა, მალევე გავრცელდა და ასე იქცა ავტორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქმნილებად.
დევიდ ლაჩაპელი, 1996 წელი
ლაჩაპელი ენდი უორჰოლის რჩეული ფოტოგრაფი იყო. მისი ფერადი ნამუშევრები ისტორიის, კულტურის, რელიგიის, სხვადასხვა იდეების რეპრეზენტაციაა. ლაჩაპელის ფოტოგრაფიაზე საუბრისას ამბობენ, რომ ის პოპისა და სიურეალიზმის ნაზავია. განსაკუთრებით ცნობილია ნამუშევარი, რომელიც 1997 წელს, ჟურნალ Vanity Fair-ში დაიბეჭდა. ფოტოზე ლეგენდარული ალექსანდრ მაკქუინი და დიზაინერის მუზა, იზაბელა ბლოუ არიან აღბეჭდილი.
იურგენ ტელერი, 1998 წელი
ტელერის 1998 წლის ეს ფოტო მოდის ფოტოგრაფიაში ერთერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად მიიჩნევა. ახალგაზრდა ქეით მოსი ვარდისფერი თმით განსაკუთრებულ ხასიათს ქმნის თავისი ბუნებრივი ვიზუალით.
პატრიკ დემარშალიე, 1999 წელი
ერთ დროს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალურ ფოტოგრაფს, მოდის ინდუსტრიაში უამრავი დასამახსოვრებელი კადრი აქვს შექმნილი. დემარშალიეს დამქირავებელთა სია ათეულობით ლეგენდარულ სახელს აერთიანებს: Vogue, Harper’s Bazaar, Vanity Fair, Dior, Louis Vuitton, Chanel, YSL. ჟიზელის ეს ფოტო კი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სახელგანთქმული ნამუშევარი აღმოჩნდა.
მარიო ტესტინო, 2012 წელი
დემარშალიეს მსგავსად, ტესტინოსაც საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა სამეფო ოჯახთან. ფოტოგრაფი მოდის ინდუსტრიაში პოპულარული მაშინ გახდა, როდესაც 1997 წელს, ჟურნალმა Vanity Fair-მა გარეკანისათვის პრინცესა დაიანას გადაღება შესთავაზა. ტესტინოს კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მისი ნამუშევრები გამოფენილა უამრავ სახელგანთქმულ სახელოვნებო სივრცეში. თუმცა, ქეით მოსის ეს ფოტო მის ყველაზე პოპულარულ კადრად რჩება. ფოტო გადაღებულია 2012 წელს, სარეკლამო გადაღებების კადრს მიღმა, შესვენების დროს. ამ ნამუშევარში კარგად ჩანს ფოტოგტრაფის ინტერესები - სურვილი აღბეჭდოს მომენტი. მისთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი მდგომარეობა და არა ის, თუ რა ხდება სცენაზე.
ელენ ვონ უნვერტი, 2008 წელი
ელენ ვონ უნვერტი მრავალი წელი მოდელად მუშაობდა და კამერის საპირისპირო მხარეს უწევდა ყოფნა. თუმცა, მოგვიანებით, ის საკულტო ფოტოგრაფად იქცა. მისი ნამუშევრები ფემინურ, ეროტიკულ დეტალებს საოცარი ესთეტიკით და შინაარსით წამოაჩენენ. ფოტო სახელწოდებით Double Trouble 2008 წლით თარიღდება და ერთ-ერთ მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად არის აღიარებული.
დევიდ ბეილი, 2008 წელი
დევიდ ბეილის ობიექტივმა უამრავი საკულტო სახე აღბეჭდა. ეს ფოტო 2008 წელს არის გადაღებული. ლეგენდარული მოდელისა და მუსიკოსის, გრეის ჯონსის პორტრეტი მოდის ფოტოგრაფიაში ერთ-ერთ საკულტო კადრად არის მიჩნეული.
პიტელ ლინდბერგი, 2013 წელი
ლინდბერგი მოდის ფოტოგრაფებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სახელია - ფოტოგრაფი მოდელის განსაკურებული ხედვით და სილამაზის უნიკალური შეგრძნებით. 2013 წლის ფოტო, რომელზეც კარა დელევინია აღბეჭდილი, ლინდბერგის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ნამუშევრად არის მიჩნეული.