მასკარონები - დედაქალაქის იდუმალი გუშაგები

0
ძველი თბილისის ქუჩების თვალიერებისას შენობების ფასადებზე შეამჩნევთ უჩვეულო ფიგურალურ გამოსახულებებს ადამიანებისა და ცხოველების სახეებით. ეს მასკარონებია - დედაქალაქის იდუმალი გუშაგები. არქიტექტურაში მასკარონი მე-17 საუკუნეში იტალიაში გაჩნდა, შემდგომ კი სხვა ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. თავდაპირველად მასკარონები ავი სულების შესაშინებლად იქმნებოდა და მიიჩნეოდა, რომ ფასადებზე გამოსახული გროტესკული ნიღბები შენობას ბოროტი სულებისგან დაიცავდა. , , მასკარონი” ქვის სკულპტურული დეკორაციაა, რომელიც ადამიანის, ცხოველების, ზოგჯერ კი ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის სახით გვევლინებიან. თბილისის არქიტექტურაში მასკარონი XIX საუკუნიდან ჩნდება. ისინი განსაკუთრებულ მისტიკურ იერ-სახეს სძენენ დედაქალაქის ძველ შენობებსა და სადარბაზოებს. მასკარონების სახეები სხვადასხვა ემოციას გადმოგვცემენ: დრამატულს, საშიშს, შემაძრწუნებელს, ჩაფიქრებულსა თუ განრისხებულს. თბილისის ფასადებზე გვხვდევა მამაკაცთა, ქალთა, ბავშვთა, ახალგაზრდათა და ხანდაზმულთა თავები. მასკარონთა ერთი ჯგუფი აერთიანებს ფანტასტიკურსა და ზღაპრულ არსებებს. მრავლად გვხვდება სახეები ანტიკური მითოლოგიიდანაც: ყურძნის მტევნებით შემკული დიონისე, სიბრძნის ქალღმერთი ათენა, მედუზა თმაში ჩაწნული გველებით და ა.შ. ამგვარად, ფასადური ფიგურულ-სკულპტურული გამოსახულებები დაკავშირებული იყო ღმერთების თაყვანისცემასთანაც. მასკარონთა სახეებიდან იკვეთება სიმტკიცე და მამაცობა. ისინი თითქოს მართლაც გუშაგობენ შენობებს და გზას უღობავენ ავ სულებს. აღსანიშნავია, რომ თბილისის შენობებზე შემორჩენილ მასკარონთა დიდი ნაწილი განადგურდა. ხელოვნებათმცოდნე ირინა ძუცოვა წერდა, რომ „მასკარონებსა და სხვა საფასადო ფიგურებს ისევე უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ, როგორც ძველი თბილისის მხატვრული იერის შემქმნელ სხვა გამოსახულებებს, მისი სულიერი და კულტურული ცხოვრების, ყოფის, მცხოვრებთა გემოვნების მაჩვენებლებს. ეს ნაწარმოებები ხომ ჩვენს დღევანდელობაში ისტორიიდან გადმოსული ცოცხალი მატიანის ნიმუშებია.”
#მასკარონები
#
#არქიტექტურა
#tbilisidaily
0