2008 წლის 9 აგვისტო თენდებოდა...

0
მე და ჩემი ძმა ზაფხულის არდადეგებს სისტემატურად სოფ. ილტოზაში ვატარებდით. ეს სოფელი, თბილისს 35 კილომეტრით არის დაცილებული, ხოლო ახალგორს 15 კილომეტრით ჩამორჩება. რა ამის პასუხია, მაგრამ, როცა მეკითხებოდნენ - სად არის ეგ სოფელიო, მეც გულღიად ვპასუხობდი, მუხრანის შემდეგ, 11 კილომეტრში-მეთქი, და, თუ მაინც ეჭვნარევ მზერას შევნიშნავდი, ჩემში ისტორიული პასაჟი იყივლებდა ხოლმე და უდიერად აღვნიშნავდი. აი, ის სოფელია დავით გურამიშვილი , , ირტოზის ტყეში" ლეკებმა, რომ დაიჭირეს-მეთქი. თუ ესეც, არ ამართლებდა, ვხვდებოდი, რომ , , ახალ ველოსიპედს" ვერ გამოვიგონებდი და მოკლედ, გადაჭრით ვპასუხობდი, აქევეა-მეთქი. ხოდა, რას ვყვებოდი... 11 წლის წინ, ანუ, როცა ზუსტად 11 წლისა ვიყავი, ხოლო ჩემი ძმა თორმეტის, აგვისტოში ამ სოფელში ვისვენებდით, თან პაპა-ბებოს სასოფლო-სამეურნეო საქმეში ვეხმარებოდით, მოკლედ შრომასა და მიწის სიყვარულს ბავშვობიდან მიგვაჩვიეს. მთელი ბავშვობა იქ გავატარეთ და გასაკვირი არცაა, რომ ამ ყველაფერს ასე სუბიექტურად ვყვები. 8 აგვისტოს ტელევიზიით გავიგეთ, რომ წინა ღამით ცხინვალში ომი დაიწყო. მაშინ, მხოლოდ თეორიულად ვიცოდი, რას ნიშნავდა , , ომი". უფრო მეტიც, ამ სიტყვაზე გამუდმებით ის ფრაზა მახსენდებოდა, ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლიდან - , , ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ-ო"... (თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა და ალბათ ამიტომაც მსურდა ყოველთვის, მსახიობი ვყოფილიყავი.) მაგრამ, მაინც ჟურნალისტიკა დავამთავრე, რადგანაც იმ დღეს, ბავშვურად გამაკვირვა ერთმა ფაქტმა, ცხინვალი ჩვენი სოფლიდან 80 კილომეტრშია, ხოლო თბილისიდან - 115-ში, თბილისში მყოფმა ჟურნალისტებმა ჩვენზე ადრე, როგორ გაიგეს ომის დაწყების ამბავი-მეთქი, როცა ჩვენ , , ჩამი-ჩუმიც" კი არ გაგვიგია. მოკლედ, მაშინ მიმიზიდა პირველად ჟურნალისტიკამ. გაფაციცებით ვუსმენდით საინფორმაციო გამოშვებას და ცისფერ ეკრანებზე აღბეჭდილიყო ავტომატების მიერ დაყენებული ცეცხლისა და კვამლის სიბნელეში გაფანტულ ოხშივარი. ამასთან მარცხენა ქვედა კუთხეში მოზრდილი ასოებით ეწერა , , დაძაბულობა ცხინვალში", ერთი კი გავიფიქრე, ეს თუ დაძაბულობაა, მაშ , , ომი“ რაღაა-მეთქი და გულუბრყვილოდ მივჩერებოდი პლასტმასის ყუთში ჩამაგრებულ ცისფერი მინის კვადრატს. ბებიაჩემი იმწუთშივე მიხვდა, რომ ვიზაფრებოდი, მაგრამ ტელევიზორის გამორთვა, მაინც ვერ შეძლო, რადგანაც მიმდინარე მოვლენებს თვითონაც მთელი ინტერესით ადევნებდა თვალს. ეს ხდებოდა დილით. წინ მთელი დღე იყო. იმ დღეს, მე და ჩემმა ძმამ ჩვეულად მოვილიეთ სასოფლო საქმე, შუადღისით მდ. ქსანზეც კი ვიბანავეთ. ერთი კი შევამჩნიე, რომ წყალი წინა დღესთან შედარებით უფრო ამღვრეული და სევდიანი იყო, უფრო მძიმე და უხეირო. ხალხიც თითო-ოროლა იყო. საღამოს, რომ სახლში გადავედით ტელევიზორის ხმამ ეზოდანვე შემახსენა თავი, მაშინათვე მისკენ გავეშურე და , , შუშის თვალებით" მივაცქერდი ეკრანს, საიდანაც უკვე მძიმე ტექნიკის კადრები ჩვენი მიმართულებით ვრცელდებოდა. ვუყურებდი ტანკებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ნაცნობ გზაზე დადიოდნენ. კარგად დავაკვირდი და უცებ წამოვიყვირე: , , ბეე, ეს ახალგორის ხიდი არ არის ლამისყანაში, რომ გადადის?“. ბებიაჩემი გაჩუმებული უსმენდა ტელევიზორს. შემდეგ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, , , დაძაბულობამ" უკვე გორსა და ახალგორში მოაღწია. ყოველ წამს, მოსალოდნელია აფეთქება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ცდილობს სიტუაციის , , განმუხტვას". ერთი ის არ უთქვამს, თავს უშველეთო. არადა, როგორ უნდოდა... მე უკვე შიშის დონემდე დავიზაფრე. ვიგრძენი, რომ ის , , შორტიკი“, რომლითაც ქსანზე ვბანაობდი, სულ ტანზე შემშრობოდა და მივხვდი, რატომაც იყო მდინარე ასეთი ამღვრეული, სევდიანი, მძიმე და უხეირო. რომ ვფიქრობდი, ჯარისკაცები იქვე იყვნენ, 15 კილომეტრში შიში მიპყრობდა, მაგრამ მაინც ინტერესი მკლავდა, ნეტა ჩვენი სოფლის გზაზე თუ გამოივლიან ტანკები-მეთქი. ბავშვური ჟინით მინდოდა, სამხედრო ტექნიკა მენახა. ამიტომაც, გზისკენ გავიქეცი და იქ ვუცადე რამდენიმე ხანს. შებინდებისას, კვლავ ტელევიზიით გავიგეთ, რომ გორი დაბომბეს, რის შედეგადაც დაზარალდა რამდენიმე ასეული ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაიღუპა. რუსები უკვე სრულად აკონტროლებდნენ, ცხინვალს, თამარაშენსაა და ახალგორს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბინები დაკარგა, დაზიანდა ქუჩები, შენობები, ზოგი შინაურ ცხოველებს ეძებდა, ზოგიც კიდევ - შინაურს, საყვარელ ადამიანს. ამ დროს კი, , , პეროგაყრილი“, თეთრპერანგიანი, ჩასუქებული მაღალჩინოსნები გვაფრთხილებდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ახალგორის დაბომბვა, ამიტომაც მოსახლეობას ევაკუაციისაკენ მოუწოდებნენ. ეს ფრაზა, ყველაზე ცხადად დამამახსოვრდა. გონებაში სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა. , , მოსალოდნელია ახალგორის დაბომბვა" და რამდენჯერმე, დამფრთხალი ადამიანივით ვიმეორებდი. შუაღამისას, როცა მე, ბებია, დეიდა და ჩემი ძმა ერთად ვიწექით, , , წვიმის ხმა" არ გვაძინებდა, თუმცა თვალები ოთხივეს დახუჭული გვქონდა და ერთმანეთს ვატყუებდით, რომ ძილბურანში ვიყავით. უეცრად, საშინელმა ხმამ, მწოლიარენი საწოლზე წამოგვაჯინა და თვალები ფანჯარას ვკიდეთ, სრული სიჩუმე ჩამოწვა... კიდევ ერთხელ დაიგრუხუნა და მივხვდით, რომ ეს ჭექა-ქუხილი იყო... თავი ისევ ბალიშებზე დავდეთ... რამდენიმე წუთში კვლავ საშინელმა ხმამ წამოგვყარა, ამჯერად მივხვდით, რომ ეს ჭექა-ქუხილი არ იყო... თან, სულ ის ფრაზა მიტრიალებდა თავში: , , მოსალოდნელია ახალგორის დაბომბვა...“ რამდენიმე გრუხუნის ხმა ერთმანეთს მიჰყვა და ერთმანეთს დაეხვია. ოღონდ, ეს იყო ნამდვილად საშინელი მოსასმენი... მე ვერ მოვითმინე, ინტერესი მკლავდა... რა ხდებოდა ნეტავ გარეთ... წამოვფრინდი და , , პლოშატკაზე“ გავვარდი, დეიდაჩემმა კი დამიყვირა: , , შაკუნა მოდი აქ, თორე გცემ იცოდე“, მაგრამ არ დავუჯერე... გარეთ გავედი და კვლავ საშინლად წვიმდა. ოცთეთრიანის ზომის წვეთები ცვიოდა. ახალგორისკენ, როცა გავიხედე ცა მოშავო იყო, მაგრამ ილტოზის ტყის ქედზე დავინახე, როგორც ეკიდა ცეცხლი ხოდაბუნებში მდგარ რამდენიმე ხესა და აკაციას... მაშინღა მივხვდი, რომ მეხი ჩამოვარდა, თუმცა არც მანამდე მინახავს , , მეხის დაცემა“, უბრალოდ ვივარაუდე, რომ ასე იყო. რამდენიმე წუთში, ვერტმფრენმა ჩვენი სახლის სახურავს გადაუფრინა, თან ისე ახლოს, რომ ნომრის წაკითხვაც კი შევძელი. დამშვიდებული და მოთვინიერებული სახით შინ შევედი, ჩემებს მეხი ჩამოვარდნა ვახარე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მეხის ჩამოვარდნა ყველას გულწრფელად გაგვიხარდა, მაშინ პირველად მივხვდი, რომ , , ცუდი უარესსზე კარგია“. ის ღამე, უთუოდ უჩვეულოდ გათენდა, უჩვეულო განცდებითა და ისტორიებით, ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი (ჩვენ გასაგებათ). ამ ამბიდან, ზუსტად 11 წელი გავიდა და დღეს, როცა ჩემი სოფლის ადგილმდებარეობას მეკითხებიან, ასე ვპასუხობ: , , სოფელი ილტოზა თბილისიდან 35 კილომეტრის მოშორებითაა, ოკუპირებულ ახალგორთან კი - თხუთმეტი კილომეტრის სიახლოვით.“, რადგანაც ამ ამბის შემდეგ, გურამიშვილის ტყეში დაჭერის ამბავზე უკეთ, საზოგადოებას ოკუპაცია უფრო მეტად სტკივა და ახსოვს. P.S შეიძლება, იმ დღეს ტანკი ვერ ვიხილე, მაგრამ ვნახე ჩემი სახლის სველი სახურავი სამხედრო ვერტმფრენის ფონზე, რაც საშინლად არ მომეწონა. ავტორი: შალვა ბერიანიძე
#აგვისტოსომი
#ბლოგი
0