90-იანი წლების სტაგნაციის შემდგომ თანამედროვე ქართული კინო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რამაც მის მიმართ ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი. ამის პარალელურად, გაჩნდა მსახიობთა ახალი თაობა, რომლის არაერთმა წარმომადგენელმა არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კინოინდუსტრიაშიც ჩაწერა საკუთარი სახელი და მიიპყრო საერთაშორისო მაყურებლის ყურადღება.
ლევან გელბახიანს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი. მსახიობის კინოდებიუტი ლევან აკინის ფილმში , , And Then We Danced” შედგა. სურათი ქართული ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავეების სიყვარულზე მოგვითხრობს, ლევან გელბახიანი კი მასში მთავარ გმირს, მერაბს ანსახიერებს. გელბახიანის სამსახიობო შესრულების მანერამ მალევე მოხიბლა მაყურებლები და კინოკრიტიკოსები.
მსახიობმა კარგად გადმოგვცა ფილმის მთავარი სათქმელი: დაგვანახა, რომ ცეკვა თავად არის თავისუფლება - მოძრაობაში გამოხატა ემოცია, ინდივიდუალიზმი, პროტესტი, უდიდესი ექსპრესიით გააშიშვლა გრძნობები და მისწრაფებები. სხეულით აამეტყველა პიროვნული საწყისები და არაერთი დაცემისა და ტკივილის მიუხედავად შეძლო საკუთარ თავში ახალი ინდივიდის დაბადება.
ლევან გელბახიანის შესანიშნავი შესრულება არც საერთაშორისო კინოპლატფორმებზე დარჩენილა შეუმჩნეველი. თავდაპირველად, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ იგი 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის დაასახელა, მოგვიანებით კი ფრანგულმა გამოცემა ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანს კანის ფესტივალის ერთ-ერთი აღმოჩენა უწოდა. ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. ლევან აკინის ფილმმა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მოიპოვა, ლევანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა. მისი ტრიუმფი არც მინსკის საერთაშორისო ფესტივალზე შეწყვეტილა და აქაც ახალგაზრდა ქართველმა არტისტმა საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო მოიპოვა. აღნიშნულიდან მალევე გელბახიანმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2020 წლის ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოც მიიღო.
#კინო
#ინდუსტრია
#ქართველი
#მსახიობი
#ლევანგელბახიანი
#ახალითაობა
#ვარსკვლავი
#tbilisidaily