„რამდენიმე დღეში შეიძლება სასტუმროებმა დაკეტვები დაიწყოს“

0
„რამდენიმე დღეში შეიძლება სასტუმროებმა დაკეტვები დაიწყოს“ - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, სასტუმრო ინდუსტრია საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო გამოწვეულ რისკებსა და დანაკარგზე საუბრობს. ფედერაციის ცნობით, მარტ-აპრილში ტურისტული ჯავშნების 80%-დან 90%-მდე უკვე გაუქმებულია. სასტუმროები მთავრობას კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ბანკებთან შუამდგომლობისა და გადასახადების გადავადების თხოვნით მიმართავენ. კერძოდ, ფედერაცია ითხოვს, რომ სასტუმროებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის, ასევე საპენსიო შენატანის გადავადება მოხდეს. „იანვარ-თებერვალი საკმაოდ მძიმე გვქონდა უთოვლობამ დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენ კურორტებს. იანვარი პირწმინდად ჩავარდა გუდაურში, ამას ვერავის დავაბრალებთ, რადგან თოვლი არ მოვიდა. თუმცა, საკმაოდ პოზიტიური სიახლე იყო, რომ 11 მარტიდან ტაილანდი იწყებდა ჩარტერულ ფრენებს და იქიდან ტურისტული ჯავშნების საკმაოდ დიდი ნაკადი გვქონდა. ასევე ტრადიციული ბაზრებიც საკმაოდ აქტიურობდნენ. ამიტომ სეოზნის მოსვლას დიდი იმედით ვუყურებდით, მაგრამ ახლა, მარტ-აპრილის პერიოდში არსებული ჯავშნების 80%-დან 90%-მდე გაუქმდა. ამასთან, შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ურთიერთობების ხარჯზე, ჯავშნების თითქმის 50% გადავადდა ზაფხულში ან შემოდგომაზე. „ვფიქრობ, სექტორი ამ დარტყმას ვერ გადაიტანს. 2017 წლის მერე ჩვენ ბიზნესში სერიოზული კლება დაიწყო. შარშან ზამთარშიც საკმაოდ დიდი ვარდნა გვქონდა ვირუსების გამო, მერე იყო „გავრილოვის ღამის“ შემდეგი პროცესები, ასევე სერიოზული კლება გვაქვს არასეზონზე, იმ ქვეყნებიდან, როგორიცაა მაგალითად, დუბაი. საკმაოდ ბევრი ბაზარი რომელიც დადებითად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ, ნეგატიურად განეწყო. booking.com - ის მონაცემებით, თბილისის მასშტაბით, სასტუმროების შემოსავლები იანვარში თითქმის 35-37%-ით იყო შემცირებული. ხოლო ის რესურსი რაც ჩვენ ბიზნესს ჰქონდა, დეკემბერ-იანვარში დავხარჯეთ. მეშინია, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება სასტუმროებმა დაკეტვები დაიწყონ. ვიცი რამდენიმე სასტუმრო, რომელმაც კარი დაკეტა, ბევრი ფიქრობს - ხომ არ სჯობს დავკეტოო. სასტუმროების ბიზნესი შოკშია, რადგან დღესდღეობით არ ვიცით რა გავაკეთოთ, “ - აცხადებს ალავერდაშვილი. ტურისტული ნაკადის შემცირებაზე საუბრობენ ტურისტულ კომპანიებშიც. თუმცა, ტურისტული კომპანიის "ტრაფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ტურისტების შემცირების ერთადერთი გამომწვევი ფაქტორი არ არის. „კორონავირუსი“ დაემატა იმ უამრავ სხვა მიზეზს, რამაც ტურისტების კლებამდე მიგვიყვანა. ტურისტების შემოდინება კორონავირუსის დაფიქსირებამდეც საკმაოდ იყო შემცირებული. ამის მიზეზი კი რამდენიმეა. წლების წინ, ნოემბერ-თებერვლის პერიოდი საკმაოდ პასიურ პერიოდად მოიაზრებოდა, მაგრამ დაახლოებით, ბოლო ორი წელია, ამ თვეების განმავლობაშიც საკმაოდ ბევრი ტურისტი შემოდიოდა ქვეყანაში. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დუბაისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველო. სწორედ ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ავსებდნენ იმ დანაკლისს რაც ზამთრის პერიოდში გვქონდა. თუმცა, დაახლოებით ბოლო 2 წელია, აეროპორტში გაუაზრებელი კონტროლი და ხალხის არ შემოშვება დაიწყეს. განსაკუთრებით ინდოეთის მოქალაქეებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ამის მიზეზი დეტალურად არ ყოფილა ახსნილი, თუმცა, ამბობდნენ, რომ გარკვეული ხალხის შემოშვება ქვეყანაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ხდებოდა. შედეგად, ამ მოქალაქეთა საზღვარზე არ შემოშვების გამო ტურისტულ სააგენტოებს მოუწიათ გაყიდული ტურების თანხის უკან დაბრუნება. ამასთან, შეწყდა ის სარეკლამო კამპანია, რაც საქართველოს შესახებ მიდიოდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. შედეგად თითქმით დაკეტილია სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულება და არააქტიური სეზონი ფაქტობრივად ჩავარდნილია. ამ დანაკარგების ანაზღაურება დიდი ალბათობით ვერ მოხდება, “-აღნიშნავს ჯაფარიძე. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი - მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ავტორი: თაია არდოტელი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bon.ge-ს მიერ.
#news
#business
0