ბრძოლა ქართული სცენისთვის

0
საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი როგორ დამეწყო. პირველ რიგში იმით, რომ საქართველოში მუსიკალური კულტურა აღორძინების ხანის დაწყებას დიდი ხანია ლამობს, მაგრამ ერთსა და იმავე ადგილზე ბუქსაობს. ბოლო პერიოდში ქართველი ბენდებისა და არტისტების მსმენელთა რიცხვები საკმაოდ გაიზარდა. ბოლო წლებში იმასაც კი მოვესწარით, რომ ჩვენთვის საყვარელი Tbilisi Open Air / Altervision-ის ჰედლაინერებად ქართველ არტისტებსაც ვხედავთ. იცით როგორი გრძნობაა, როდესაც შენს ენაზე დაწერილ სიმღერას ასობით ადამიანი ერთად მღერის? საოცრებაა. ყოველ ჯერზე მბურძგლავს მსგავს ფაქტს როცა ვესწრები. პირველი მსგავსი გამოცდილება ძალიან კარგად მახსოვს. იმავე Open Air-ზე (როგორც შემოკლებით ვეძახით) "კაიაკატას" გრანდიოზული გამოსვლა. ეს რა იყო?! თავიდან ძალიან გამიკვირდა, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორებმა ქართული მუსიკის ისტორიაში ახალი ერის დაწყებაზე განაცხადი გააკეთეს და "კაიაკატა" ჰედლაინერად წარადგინეს. ხალხისგან ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, გაუაზრებელი კომენტარები მოყვა: "ფული არ ეყოთ და ქართველები ჩატენეს", "მაგათ ხო ისედაც მოვუსმენთ, ვინმე კარგი ჩამოგეყვანათ". და შემდეგ დადგა 2018 წლის 22 ივნისი. ამ საფესტივალო დღეს ზუსტად "კატები" და LTFR ხურავდნენ. დადგმა, პროდუსინგი, შესრულება. ყველაფერი ისეთ დონეზე იყო, მეგონა არა-ქართულ (რადგან შევეჩვიეთ) ძალიან დიდ, მსოფლიო დონის ბენდს ვუსმენდი, შემდეგ ტექსტმა გამახსენა, რომ ქართულია და გული სითბოთი ამევსო. ასობით, ათასობით ადამიანი ერთსა და იმავე ტექსტს ქ ა რ თ უ ლ ა დ მღეროდა. ქართულად!
©Tbilisi Open Air / Altervision შემდეგ იყო 2019 წლის "მწვანე ოთახის" გამოსვლა, რითიც იმ წლის ფესტივალი დაიხურა. ალბათ ოდესღაც მოგისმენიათ ქართული მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი საგანძური - "მისები". მე პირველად რომ მომასმენინეს, პირველი კითხვა რაც გამიჩნდა იყო: "ეს ქართულია?". Open Air-ზე კი მოვისმინე ის ვერსია, რომელიც სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება. არა იმიტომ, რომ საოცრად შეასრულა ბენდმა (ერთ-ერთი საუკეთესო ცოცხალი შესრულება რაც კი ოდესმე მომისმენია), არამედ იმიტომ, რომ ქართული პოპ-კულტურის სიცოცხლის ნიშნები იგრძნობოდა და თან მკვეთრად.
©Copter.ge ეს ორი ბენდი გამოვყავი, რადგან მათ დატოვეს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე. ვფიქრობ, რომ დღეს ისინი უნდა წარუძღვენ გადატრიალებას, რომელიც ყოველივე ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება. ჩვენ გვყავს საოცრად ნიჭიერი არტისტები. გვყავს ვეტერანები, რომლებმაც ფარ-ხმალი არ დაყარეს და ქართული ხარისხიანი მუსიკის არსებობისთვის იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან. გვყავს ახალი აღმოჩენები, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაერთვნენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა მივიღოთ დასტაბილურებული ქართული სცენა. მაგრამ ამ ბრძოლას არ ყვებიან ქართველი მსმენლები. არ ყვებიან არტისტები, ვისთვისაც სხვა და სხვა ტეკევიზიები კლიპებს იღებენ და რადგან ისინი თბილ კომფორტის ზონაში დაბინავდნენ, საკუთარი საქმიანობის არსი დაავიწყდათ. ჰოდა სანამ გვაქვს შანსი მივცეთ ამ ხალხს რასაც იმსახურებენ. მივცეთ პატივისცემა, პოპულარობა, დავუფასოთ გაკეთებული საქმე და მასში ჩადებული შრომა. ვიაროთ ქართული ბენდების კონცერტებზე. ვაზიაროთ მათი მუსიკა. რაც უფრო სწრაფად მოვაშორებთ ფანოღს და ესტრადის მუსიკას ამ სფეროს, მით უფრო მალე მივიღებთ იმ შედეგს, რასაც ამდენი ხანია ველოდებით.
0