"დროში გაჩერებული სასახლის საიდუმლოება"

0
მინდა მოგითხროთ ულამაზესი სასახლის ისტორიაზე, რომელიც დროშია გაჩერებული და ათეულობით წელია, რაც დამთვალიერებელი სასახლეს, სასახლე კი დამთვალიერებელს არ უნახავს. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოდში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. საინტერესოა, ადგილობრივებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის შეუხწეველ სასახლეში, რა ინახება? სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია. ცენტრალური შესასვლელის თაღში მოთავსებულია ფაიფურის თუთიყუში, რომელიც კარების გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს ესალმებოდა შემომსვლელ სტუმარს. ეს დაკავშირებული იყო ჰაერის ჭავლთან. საბილიარდო ოთახში კვლავ არსებობს რომანოვების დროინდელი ბილიარდი, ოთახში არსებულ რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერემიკით გამოხატულია ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ბორჯომის ხეობაში. ასევე დაცულია რომანოვის კაბინეტი, რომელშიც შემდგომში სტალინი მუშაობდა. ამ კაბინეტშია ორი ისტორიული ლურსმანი, რამდენადაც ორივე სტალინის მიერ არის დაჭედებული. ერთი საწერ მაგიდაზე ქუდისათვის და მეორე კედელზე კიტელის დასაკიდად. ეს კაბინეტი ბუხრით, განლაგებული ავეჯით და მოზაიკური ჭერით აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი... შენობის გარე პერიფერიებზე გაშენებულია მარადმწვანე მცენარეები, რომლებიც დამატებით სილამაზეს, მნიშვნელობასა და ინტერესს აღძრავს დამთვალიერებელში. დღესდღეობით მეცხრამეტე საუკუნის კულტურის მემკვიდრეობა და მისი შემოგარენი კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. სასახლის ტურისტული, ეკონომიკური და ისტორიული პოტენციალი კი დროშია ამაოდ გაჩერებული...
#goodplaces
#historical
#borjomi
Likani
0