უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი — ოპოზიცია მოუწოდებს პრეზიდენტსა და უწყებებს მათ გათავისუფლებას

0
ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დღეს, 9 მარტს ოპოზიციამ შეხვედრა გამართა, რომელზეც ერთიანი განცხადება მიიღეს დაკავებულ ოპოზიციონერებთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს პრეზიდენტსა და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური მექანიზმები და ხელი შეუწყონ გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ხელისუფლებასთან კვლავ ვერ თანხმდებიან იმაზე, რომ აღნიშნული პირები პოლიტპატიმრები არიან, თუმცა შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამომავლოდ ეს საკითხები ისე გადაწყდეს, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების განცდა არ დარჩეს. გარდა ამისა, ოპოზიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია აღარ მოხდეს აღნიშნული პირების მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გადახედვა ან სხვა პოლიტიკური საქმეებით მათი საპატიმროში დაბრუნება [გათავისუფლების შეთხვევაში]. ასევე, მათი თქმით, არ უნდა გადაიდგას რეპრესიული ნაბიჯები სხვა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მიმართ. ოპოზიცია მადლობას უხდის აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიის ელჩებსა და ევროსაბჭოს წარმომადგენელს იმისთვის, რომ შეთანხმების მისაღწევად ცდა არ დაუკლიათ და ხაზს უსვამს, საარჩევნოს სიტემისთვის ბრძოლაში სამოქალაქო აქტივისტების შეტანილ წვლილს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.
#news
#politics
0