გლობალური დათბობის გავლენა აჭარის რეგიონზე

0
გლობალური დათბობის საფრთხის შესახებ ცნობებს უცხოენოვან მედიაში სულ უფრო ხშირად ვისმენთ. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივცრის კვლევის სააგენტოს, “ნასას” ცნობით, მეცნიერთა 97% თანხმდება, რომ გლობალური დათბობა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. დამტკიცებულია ისიც, რომ ის ადამიანების მიერაა გამოწვეული. რა ხდება? მსოფლიოში წლიური საშუალო ტემპერატურის მატება ყოველწლიურად ფიქსირდება . პლანეტაზე ჰავა ადრეც იცვლებოდა დათბობისა ან გამყინვარებისკენ, მაგრამ დღეს ეს ზრდა საგანგაშო ტემპით მიმდინარეობს. ადამიანის და ინდუსტრიების გაუაზრებელი მოქმედება აბინძურებს ჰაერს, წყალსა და ნიადაგს. საერთო ჯამში, ასეთი ცვლილება ისევ ადამიანისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის. ფაქტია, რომ პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის აწევა ყველა რეგიონზე იმოქმედებს და ამ მხრივ არც აჭარაა გამონაკლისი. გაეროს განვითარების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ მსოფლიოში მიმდინარე კლიმატის ცვლილება აჭარაზე უკვე დიდი ხანია რაც აისახა. პროცესი უკვე მეოცე საუკუნეში გახდა საგანგაშო, როდესაც ზღვის დონემ მასშტაბურად აიწია. გახშირებულმა მეწყერმა კი მოსახლეობას ისეთი პრობლემები შეუქმნა, რომ ეკოლოგიური მიზეზით მიგრაცია გახდა საჭირო. გლობალური დათბობა რომ ავნებს და უფრო დააზარალებს აჭარის რეგიონს, სტატისტიკურადაც ჩანს. 1990 წლიდან მოყოლებული, აჭარაში საშუალო ტემპერატურა ყოველწლიურად 0.2-0.3 გრადუსით იზრდება. შესაძლოა ეს რიცხვი უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა, იმის გათვალისწინებთ, რომ მსოფლიოში საშუალო ტემპერატურის 2 გრადუსით ზრდამ შეიძლება შეუჩერებელი პროცესები წამოიწყოს, ეს საყურადღებო სტატისტიკაა. ასეთი ტემპით, 2050 წლისთვის, აჭარაში საშუალო ტემპერატურა 1.7 გრადუსით გაიზრდება, რაც ძალიან ახლოსაა 2 გრადუსიანი განგაშის ნიშნულთან. 2 გრადუსით ტემპერატურის ზრდის შემდეგ, გლობალური დათბობა შეუჩერებელი იქნება და რაიმე ნაბიჯის გადადგმა, სავარაუდოდ, დაგვიანდება. საბოლოო ჯამში, დედამიწის ბევრი რეგიონი სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი გახდება. ეს ის რეალობაა, რაზეც მეცნიერება უკვე დიდი ხანია მსჯელობს, თუმცა ამ ფაქტს საქართველოში შესაბამისი რეაქცია ჯერჯერობით არ მოჰყოლია. რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება აჭარის რეგიონისთვის? ბუნებრივია, ეს მოვლენა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება, იმოქმედებს რა ჯანმრთელობაზე, ჰავაზე, ეკონომიკასა და სიცოცხლეზეც კი. სტატიების ამ სერიაში გაგაცნობთ რას უნდა ვარიდოთ თავი და როგორ შეიძლება სიტუაციის შეცვლა თითოეული ადამიანის თუ მთავრობის დონეზე.
#ბათუმი
#გლობალური
#დათბობა
#global
#warming
#ტემპერატურა
#batumidaily
0