ნარკოდანაშაულის საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა პროკურორმა, დავით შაკიაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და პროკურატურას ბოდიში მოუხადა.
, , მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა. არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე 2 ოჯახი, ერთი – პროკურატურა და მეორე ჩემი ნამდვილი ოჯახი, რომელიც ასე მივატოვე. ძლივს ამოვედით გაჭირვებიდან და ისევ უკან ჩავვარდით. მე გთხოვთ, რომ გამოიყენოთ გირაო”, – განაცხადა დავით შაკიაშვილმა სასამართლო პროცესზე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომელი, დავით შაკიაშვილი გუშინ, 9 მარტს დააკავეს. პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ თავისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი – 50 000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
#საქალაქოსასამართლო
#პროკურატურა
#ქრთამი
#დავითშაკიაშვილი
#tbilisidaily