კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში პოლიცია ჩაერთვება

ByM.m.m.Georgia
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიმართ გამკაცრებულ წესებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ადამიანების მონიტორინგში პოლიცია მონაწილეობას აქტიურად მიიღებს. „ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების კონტროლის არასაკმარისი მექანიზმია. სწორედ ამიტომ, მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო - ჯანდაცვის თანამშრომლების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა იქნება, რათა თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგი ხარისხიანად განხორციელდეს. ამ საკითხს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან, უკვე არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ - კარანტინი და თვითიზოლაცია არავინ უნდა დაარღვიოს. ეს მნიშვნელოვანია როგორც მათივე ჯანმრთელობისთვის, ისე გარშემო მყოფებისა და დანარჩენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის“, - თქვა ამირან გამყრელიძემ. უკანასკნელი დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად კარანტინში 178 ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციის პირობებში 1108 პირი უნდა გადავიდეს. რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ვითარებას - ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 116 964 ფაქტი ოფიციალურად დასტურდება. 4 095 შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ხოლო 64 760 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა.
Tbilisi
#კორონავირუსი
#პოლიცია
#კარანტინი
ByM.m.m.Georgia
0