ჩინეთში ფრინველის გრიპი გავრცელდა

ByM.m.m.Georgia
0
Daily Mail-ის ცნობით, თებერვლის შუა რიცხვებიდან ხუპეისთან ახლოს ჩინეთის ორ პროვინციაში ფრინველის გრიპი გავრცელდა. საუბარია H5N6 და H5N1 ვირუსებზე. როგორც გამოცემა იტყობინება, პროვინციებში ათასობით ქათამი უკვე მოკლეს. ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ერთ-ერთ ფერმაში 2497 მოშინაურებული ფრინველიდან 1840 დაინფიცირებული იყო. ფრინველის გრიპის პრევენციისთვის ჯამში 17 000-ზე მეტი ფრინველი მოკლეს. შეგახსენებთ, რომ ვირუსი ჯერჯერობით მხოლოდ ხუნანის პროვინციის ქალაქ შაოიანგსა და სიჩუანის პროვინციის ქალაქ ნანჩონში გამოვლინდა. ეს უკანასკნელი კი კორონავირუსის „დაბადების ადგილიდან“, ქალაქ ვუხანიდან არც ისე შორსაა. მიუხედავად იმისა, რომ H5N6 და H5N1-ით ადამიანის დაინფიცირების საფრთხე ძალიან მაღალი არ არის, ადამიანიდან ადამიანზეც ძალიან მარტივად არ გადადის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებული აქვს და ადასტურებს, რომ მსოფლიოში რამდენიმე ადამიანი ამ ვირუსით გარდაცვლილია. ჩინელი ექსპერტები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და კორონავირუსის ბუმის ფონზე საზოგადოებას ურჩევენ, რომ ფრინველის გრიპის გამო პანიკას არ აყვნენ.
#კორონავირუსი
#ჩინეთი
#ფრინველისგრიპი
#ეპიდემია
ByM.m.m.Georgia
0