თბილისის მერია „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას“ იწყებს

0
ახალი პროგრამის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, თბილისის მერიამ შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე პირებს, 15–დან 60 წლის ჩათვლით, მედიკამენტები „ოკრელიზუმაბი“ და „ფინგოლიმოდი“ დაუფინანსდებათ. სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით. პროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოქალაქემ თბილისის მერიას განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას უნდა ერთვოდეს: 1. პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი; 2. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); 3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, რომელიც არაუმეტეს ორი თვით ადრე იქნება გაცემული (ცნობა უნდა მოიცავდეს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების შესაბამისად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს); 4. განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს ერთი თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა, რომელიც შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ სამი ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით იქნება დამოწმებული; 5. კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან, რომელსაც მოქალაქე თავად ირჩევს – შპს „პსპ ფარმა“; სს „გეფა“ და შპს „ავერსი ფარმა“. მოქალაქე საგარანტიო წერილს მერიაში დოკუმენტების შემოტანიდან რამდენიმე დღეში მიიღებს. წლიური მატერიალიზებული ვაუჩერის ღირებულება 24 000-მდე ლარია.
#ოკრელიზუმაბი
#ფინგოლიმოდი
#მედიკამენტები
#თბილისისმერია
#დაფინანსება
#tbilisidaily
0