ახალი ათონი - ქალაქი რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

0
ახალი ათონი — ქალაქი, რომელიც ძალიან ლამაზია თავისი ზღვისპირა კლიმატური კურორტით და ღირსშესანიშნაობებით. მშვიდი, წყნარი, კოპწია და ლამაზი ქალაქი - სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ის. აფხაზეთში ყველა ქალაქს და ადგილს თავისი ხიბლი აქვს, ყველგან რაღაც განსხვავებულია. იქაურობა იმდენად ლამაზია, რომ თვალს ვერ წყვეტ მის სილამაზეს, გინდა სულ უცქირო, გინდა ხმამაღლა და თავისუფლად თქვა რომ საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხის შვილი ხარ. ახალი ათონი ქალაქად 1987 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 4, 3 ათასი (1989 წ.) ადამიანია. ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი საიდანაც წარმოსდგება თავად ქალაქის სახელიც. ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის მღვიმე, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც. ახალი ათონის მატერიალური კულტურის უძველეს ძეგლებს შორის საყოველთაოდ ცნობილია: წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი (VII-VIII ს.ს.), ახალი ათონის მამათა მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა დააარსეს, ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ივერიის მთაზე, ანაკოფიის ტაძარი (VII-VIII ს.ს.). ახალი ათონის ღირშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ზღვისპირა პარკი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა და ტურისტთა საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს ბუნების შესანიშნავი ძეგლი – ახალი ათონის მღვიმე, იგი მეზოზოური ასაკის კირქვებშია წარმოქმნილი და დარბაზების ნაკრებს წარმოადგენს. ახალ ათონში მოქმედებდა 1 სანატორიუმი, 1 დასასვენებელი სახლი, 1 პანსიონატი და 3 ტურისტული ბაზა.
#აფხაზეთი
#საქართველო
#ახალიათონი
#მონასტერი
#კურორტი
#sokhumidaily
0