კორონავირუსის გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით გადავადდა

0
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 11 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში. ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა. ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.
#news
#headline
#coronavirus
0