ვახტანგ გორგასალი V საუკუნის შუა ხანებში გამეფდა. მისი მოღვაწეობის შესახებ იმფორმაციას გვაწვდის „ქართლის ცხოვრების’’ ერთ - ერთი ისტორიული თხზულება - ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა’’. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგის გამეფების დროისათვის ქართლში სპარსელები ბატონობდნენ და თავიანთ რელიგიას - ზოროასტრიზმს ავრცელებდნენ. ჩრდილოეთიდან პერმანენტულად შემოდიოდნენ ოსები და ჰუნები, რომლებიც ქართლის ნაყოფიერ მიწებს არბევდნენ, ხოლო დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ბიზანტიელებს ჰქონდათ დაპყრობილი.
ვახტანგი თანმიმდევრობით შეუდგა ქართული მიწებისა და ხალხის კონსოლიდაციას. თავდაპირველად, ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში და დარიალი და სხვა ციხე-სიმაგრეები კვლავ დაიბრუნა: "დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაყნი"(ჰუნები). ამის შემდეგ ჩრდილო კავკასიაზე გავლით, ქლუხორის უღელტეხილით იგი ეგრისში გადავიდა, გაათავისუფლა ბიზანტიელებისაგან ანექსირებული ეგრისის ტერიტორია და ეგრისი მთლიანად ქართლს შეუერთა. მასვე შეუერთა ბიზანტიელებისაგან მიტაცებული ქართლის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებიც. ვახტანგ I-ის აქტიური პოლიტიკური აქციები ქართლის აღმოსავლეთ პროვინციებსაც შეეხო: უშუალოდ შემოიერთა მანამდე ქართლის სამეფოსთან ვასალურ ურთიერთობაში მყოფი ჰერეთის პროვინცია და აქ ცალკე საერისთავო შექმნა. ასევე შემოიერთა დღევანდელი დაღესტნის სამხრეთ-დასავლეთ მთიანი პროვინცია – წუქეთი. ამრიგად, ვახტანგ I-მა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა, მთელი ეს ტერიტორია ადმინისტრაციულად მოაწესრიგა და მთელი კავკასია თავის პოლიტიკურ თვალსაწიერში მოაქცია.
ეს დიდი ეროვნულ-პოლიტიკური პროცესი განპირობებული იყო იმდროინდელი საქართველოს სამეურნეო-ეკონომიკური აღმავლობით, რომელსაც ვახტანგი აქტიურად უწყობდა ხელს ახალი ქალაქებისა თუ ციხე-სიმაგრეთა მშენებლობით (უჯარმა, ჭერემი, არტანუჯი და სხვ.). ქვეყნის კონსოლიდაციისაკენ მიმართულ საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა საქართველოს მთისა და ბარის ურთიერთობას. ვახტანგმა, არა მხოლოდ პოლიტიკურად დაიმორჩილა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, არამედ მთისა და ბარის მოწესრიგებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზეც ზრუნავდა, რასაც იმდროინდელი ნუმიზმატიკური მასალაც მოწმობს. ყოველივე ეს ხელს უწყობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობათა გაცხოველებას და საბოლოოდ – ქვეყნის კონსოლიდაციას. ამ ურთიერთობათა შედეგი იყო ის ფაქტი, რომ მისი ინიციატივით ქვეყნის ცენტრი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანეს. ამ სახელმწიფოებრივი აქტის უდიდესი მნიშვნელობა და ისტორიული აუცილებლობა საქართველოს მთელმა შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა. ამითვე საფუძველი ჩაეყარა თბილისის ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას. ვახტანგმა, ამავდროულად, განახორციელა საეკლესიო რეფორმაც. თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე "დიოფიზიტიზმის ბურჯი" ეპისკოპოსი მიქაელი ქართლიდან გააძევა, იმპერატორ ზენონის ე. წ. "ჰენოტიკონის" შემრიგებლური საეკლესიო პოლიტიკის ნიადაგზე ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა, სათავეში თავისივე ამორჩეული კათოლიკოსი დაადგინა, ხოლო მთელი ქვეყანა საეპისკოპოსოებად დაყო და ეპისკოპოსები კათოლიკოსს დაუმორჩილა. ქართლის მეფის ინიციატივით შექმნილი საეკლესიო წეს-წყობილება მასვე სჭირდებოდა, როგორც იდეოლოგიური და პოლიტიკური იარაღი სამეფოს კონსოლიდაციისათვის. რამდენადაც აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესია ქართულენოვანი იყო, ამდენად ქართული კულტურა და ქართული ენა ამიერიდან კიდევ უფრო ინტენსიურად ვრცელდებოდა, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში (დვალეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, წუქეთი), ისე აღმოსავლეთით (ჰერეთი, კამბეჩანი) და დასავლეთით (ეგრისი, სადაც ამ დროისათვის ბერძნული ეკლესიის დიდი გავლენა იგრძნობოდა). ვახტანგ I-ის ამ კულტურული მოღვაწეობის შედეგია ეკლესია-მონასტრების მშენებლობა (სვეტიცხოვლის ბაზილიკა, ბოლნისის ბაზილიკა, არტანუჯის, ახიზის, უჯარმის, ჩელეთის ეკლესიები). მის დროსვე ჩამოყალიბდა ღვთისმსახურების გარკვეული წესი და ითარგმნა ბიზანტიური თხზულებანი. სწორედ მის დროს შეიქმნა ქართული ჰაგიოგრაფიის ბრწყინვალე ძეგლი "წამებაი წმიდისა შუშანიკისი". ვახტანგ გორგასლის, როგორც ტიპური ადრეფეოდეოდალური მონარქის, შიდა სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო ე. წ. თავისუფალ მეთემეთა ჯერ კიდევ არსებულ ფართო ფენებზე დაყრდნობით, ცენტრალიზებული პოლიტიკის შეგუება და მზარდი ფეოდალური ფენის სეპარატისტულ ტენდენციების დახშობა. საგარეო პოლიტიკაში ვახტანგ I-ის ძირითადი მიზანი იყო სამეფოსათვის სრული დამოუკიდებლობის მოპოვება, რისთვისაც იგი ცდილობდა რთული დიპლომატიური ურთიერთობის საშუალებით ბიზანტიისა და ირანის იმპერიების ერთმანეთთან დაპირისპირებას და მეზობელ სახელმწიფოებთან(ალბანეთი, სომხეთი) ირანის საწინააღმდეგო სამხედრო კოალიციის შექმნას. 482 წელს მისი თაოსნობით დაიწყო აჯანყება ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ქართველი და სომეხი ფეოდალების ღალატის გამო ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა. ვახტანგ I, როგორც დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ამავე დროს ტრაგიკული პიროვნება იყო. იმდროინდელი ისტორიული აუცილებლობის შედეგად, საგარეო და შიდა სოციალური და პოლიტიკური ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში აღმოჩნდა და ვახტანგ I-ის პროგრესული ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელება შეუძლებელი შეიქნა. სიმბოლურია მისი სიკვდილიც: იგი შიდა ოპოზიციისა და გარეპოლიტიკური ძალის ერთობლივი კავშირის მსხვერპლი აღმოჩნდა. იგი 502 წელს, 60 წლის ასაკში, სპარსელებთან ბრძოლის დროს იღლიაში დაჭრეს მოღალატის მითითებით. მეფე უჯარმაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
მემატიანეთა გადმოცემით, "იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა", "გოლიათ და განთქმულ ყოველსა ქუეყანასა". მისი აბჯარი და ტანისამოსი XII საუკუნეში ჯერ კიდევ შემონახული ყოფილა ისევე, როგორც გამოსახულია საფლავის ქვაზე. ვახტანგ გორგასალი დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.