კალაძე: მოგიწოდებთ თუ აუცილებელი არაა, შეიკავეთ თავი მუნიციპალური სერვისებით სარგებლობისგან

0
თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, მათ შორის მერიის სერვისცენტრებს. დღეს, მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დაასახელა ის შეზღუდვები, რაც კორონავირუსის გამო მერიაში ამოქმედდება. "მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრებით მომსახურების სარგებლობისგან თუ ამის აუცილებლობა არ დგას", — თქვა კახი კალაძემ. მერიის შეზღუდვები ცენტრალურ ოფისში და ათივე მუნიციპალიტეტში ამოქმედდება. კალაძემ აღნიშნა, რომ აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში მერიის თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავლენ. კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის მერიის სერვისები შეიზღუდება დღევანდელ, 12 მარტის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობისა და სახელმწიფოს ყველა უწყებას, ასევე, კერძო სტრუქტურებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა. მან აღნიშნა, რომ მუშაობის საგანგებო, 24-საათიან რეჟიმზე გადადიან. მისი თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება: ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს. ასევე, ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ. პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ ახლა პანიკის დრო არ არის და მთავარია ერთიანობა. მისი თქმით, უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცებს, ბავშვებსა და ერთმანეთს. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს. ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
#headline
0