წულუკიანი: გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს

0
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს. მინისტრმა თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს საგანგებო პირობები და ორი კვირის განმავლობაში აკრძალულია პაემნები. "ჩვენ გვყავდა მრავალი კვირის მანძილზე მძიმე დაავადებთ პატიმარი, არაერთი ქრონიკული დაავადებით, რომელიც მართლაც გარდაიცვალა, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმ ვირუსთან რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს", — თქვა თეა წულუკიანმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მომავალში პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციისთვის დამატებითი ზომები გატარდება. დღევანდელ, 12 მარტის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობისა და სახელმწიფოს ყველა უწყებას, ასევე, კერძო სტრუქტურებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა. მან აღნიშნა, რომ მუშაობის საგანგებო, 24-საათიან რეჟიმზე გადადიან. მისი თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება: ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს. ასევე, ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ. პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ ახლა პანიკის დრო არ არის და მთავარია ერთიანობა. მისი თქმით, უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცებს, ბავშვებსა და ერთმანეთს. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს. ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#coronavirusi
#თეაწულუკიანი
0