იუვენტუსი კეინს უმიზნებს

ByM.m.m.Georgia
0
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის იუვენტუსის ბოსები შეტევის გაძლიერებას გეგმავენ. იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ტოტენჰემის შემტევს, ჰარი კეინს უმიზნებს. დიდი ალბათობით, მაურიციო სარის გუნდს ზაფხულში გონსალო იგუაინი დატოვებს - სეზონის ბოლოს არგენტინელ ფორვარდს „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი უმთავრდება. იუვენტუსი სწორედ მის გრძელვადიან შემცვლელს ეძებს. წყაროს ცნობით, კეინის გარდა ტურინელები მილანის ინტერის შემტევით, მაურო იკარდით არიან დაინტერესებული. მიმდინარე სეზონში ის იჯარით პსჟ-ის ღირსებას იცავს. სავარაუდოდ, ფრანგები მას გამოისყიდიან, ამიტომ იუვენტუსის შანსები საგრძნობლად მცირდება. ცნობილია, რომ ტოტენჰემი საკუთარ ლიდერს 150 მილიონ ფუნტად (172 მილიონი ევრო) აფასებს. მისი გაფორმება ასევე მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს სხვა ჩემპიონატში მისი გასხვისება ურჩევნიათ, რათა პირდაპირი კონკურენტი არ გააძლიერონ. ტურინული გრანდი ამ გარემოების სათავისოდ გამოყენებას ეცდება. ჯერჯერობით უცნობია, ინგლისელი შემტევი თავად რას მოიმოქმედებს. როგორც კეინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ამ ეტაპზე ის მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ფიქრობს, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება სურს. შეგახსენებთ, იანვარში მიღებული დაზიანების გამო კეინს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სავარაუდოდ, 26 წლის ფორვარდი მინდორზე აპრილის შუა რიცხვებში დაბრუნდება. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კეინმა 20-ჯერ ითამაშა, 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. კიდევ 6 გოლი მან ჩემპიონთა ლიგის 5 შეხვედრაში გაიტანა.
#ფეხბურთი
#ტრანსფერები
#ტოტენჰემი
#იუვენტუსი
#პრემიერლიგა
#სერიაა
ByM.m.m.Georgia
0