ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი უმძლავრესი აფეთქების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ტრაგედია დაუდევრობამ და უსაფრთხოების ნორმების დაცვის არქონამ გამოიწვია. ამასთან, მოგვიანებით ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სავარაუდო „დივერსიის“ ფაქტი კვლავ არ გამორიცხა.
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ლიბანის პირველმა პირმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სატელიტით გადაღებული ფოტოების გადაცემა სთხოვა, რათა დადგინდეს, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია აფეთქება.
თავის მხრივ, ისრაელში (რომელიც ლიბანთან უკვე წლებია კონფლიქტის პირობებში იმყოფება) პირდაპირ განაცხადეს, რომ მომხდარ შემთხვევასთან მათ არანაირი კავშირი აქვთ.
სპეციალურ სატელევიზიო მიმართვაში, ლიბანის პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ, რომელიც (აწ უკვე გადამდგარი) ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, ისაუბრა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ „ჰეზბოლა“ პორტის ტერიტორიაზე იარაღსა და საბრძოლო მასალებს ინახავდა, სიცრუეა.
ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით, ის ვარაუდიც, რომ აფეთქება გარეგანი ძალების ხელშეწყობით მოხდა, სულაც არ უარყოფს ფაქტს, რომ ამონიუმის ნიტრატი წლების მანძილზე უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე ინახებოდა პორტში.
იმის მიუხედავად, რომ მომხდარ აფეთქებაში „ჰეზბოლას“ რაიმე სახის კავშირი აქამდე არ გამოვლენილა, ზოგიერთი პირთა ჯგუფი მაინც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციას ამ ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება წარსულში არაერთხელ გამოუყენებია.
მსგავსი ტიპის რამდენიმე შემთხვევიდან უკანასკნელი მიმდინარე წლის მაისში მოხდა, როდესაც ისრაელის „მოსადმა“ გერმანიის ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია ამ ევროპულ სახელმწიფოში „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთის საქმიანობის თაობაზე, მათ შორის ამონიუმის ნიტრატის ფლობის შესახებ.
თავის მხრივ, მანამდე 30 აპრილს, ოფიციალურმა ბერლინმა „ჰეზბოლას“ როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ფრთის საქმიანობა აკრძალა მის ტერიტორიაზე და ამ ორგანიზაციის წევრების წინააღმდეგ სპეცოპერაციები განახორციელა.
2015 წლის მაისში, კვიპროსში, „ჰეზბოლას“ წევრს 8, 2 ტონა ამონიუმის ნიტრატი აღმოუჩინეს, რომელიც სახლის პირობებში, ყინულის პაკეტებში ჰქონდა შენახული.
2012 წლის იანვარში, „ჰეზბოლასთან“ კავშირში მყოფი შვედეთ-ლიბანის მოქალაქე ტაილანდში დააკავეს. იგი 3 ტონა ამონიუმის ნიტრატს ფლობდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა ასევე გამოყენებული თავდასხმების სერიაში, რომელშიც „ჰეზბოლა“ დაადანაშაულეს, მათ შორის 2012 წელს ბულგარეთში, ებრაელი ტურისტების ავტობუსის წინააღმდეგ მიმართული აფეთქების დროს, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა.
მსგავსი ტიპის დამთხვევები კიდევ არაერთია, მაგრამ ამავდროულად რთულად სავარაუდოა, ზემოხსენებული პრო-ირანული ორგანიზაციის ხელშეწყობით განხორციელებულიყო ბეირუთის პორტში მომხდარი უძლიერესი აფეთქება, რომელმაც სულ მცირე მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მთავრობის გადადგომა და ქვეყანაში არსებული კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვია.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Lebanon #tragedy #port #blast #Hezbollah #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა